logo
Loading data...

"ნოვატური" - წელს ისრაელის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა არ ყოფილა

"ნოვატური" - წელს ისრაელის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა არ ყოფილა

1714104540

წელს ისრაელის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა არ ყოფილა,- ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვატურის" დამფუძნებელმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მამუკა ჯიქია აღნიშნულ ფაქტს ისრაელში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირებს. მისივე თქმით, "ნოვატური" ამ ეტაპზე ისრაელის მიმართულებით ტურების გაყიდვას არ აპირებს.

"ისრაელი ჩვენი საბაზისო მიმართულება არ არის, თუმცა ინდივიდუალური ტურები ყოველთვის გვქონდა. როდესაც მომხმარებელი ირჩევს სამოგზაურო მიმართულებას, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის უსაფრთხოება. შესაბამისად, არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ ისრაელში მოგზაურობისგან, ცხადია ეს ფაქტორი ძალიან მოქმედებს.

ძირითადად,სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მოძღვართან ერთად, ჯგუფური ტურით, სააღდგომო პერიოდში მიემგზავრება ხოლმე ისრაელში და წელს ამ მიმართულებით ჩვენს კომპანიას აბსოლუტურად ნულოვანი აქტივობა აქვს. ამის მიზეზი გახლავთ ის საომარი მდგომარეობა, რომელიც ისრაელშია, რადგან არავინ არ იცის რა ვითარება იქნება.

ჩვენი მომსახურება არ სრულდება მომხმარებლების საზღვარგარეთ გაშვებით. ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ვართ მათ მშვიდობიან დაბრუნებაზე. ერთ-ერთი ჩვენი მიმართულება არის ეგვიპტე და მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა  პირდაპირ არ იყო ჩართული კონფლიქტში, ჩვენ მოგვიწია ორთვიანი პაუზის აღება და აღნიშნული მიმართულება იანვრიდან განვაახლეთ. როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში სიტუაცია იძაბება ვერ ვიტყვი, რომ ნიშანდობლივი კლებაა, მაგრამ ხანდახან აისახება ხოლმე გაყიდვების დინამიკაზე", - აცხადებს მამუკა ჯიქია.

ცნობისთვის,  ისრაელისა და ღაზას სექტორის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი ისრაელის სახელმწიფოსა და ისლამისტურ სამხედრო და პოლიტიკურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ყოველ აღდგომას წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსაბრძანებლად ისრაელში მომლოცველები მიემგზავრებიან.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით