logo
Loading data...

ქართველი დამსვენებლების 75% ზაფხულში თურქეთს ირჩევს - მამუკა კელაურაძე

ქართველი დამსვენებლების 75% ზაფხულში თურქეთს ირჩევს - მამუკა კელაურაძე

1713154080

თურქეთი ტრადიციულად ნომერ პირველი ქვეყანაა, სადაც ქართველი დამსვენებლები ზაფხულს ატარებენ და ტენდენცია სავარაუდოდ წელსაც შენარჩუნება - ამის შესახებ  "ბიზნესპარტნიორთან“ გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, კომპანია "კლარკ&რობინსონის" ხელმძღვანელი მამუკა კელაურაძე აცხადებს.

მისი ინფორმაციით, ივნისიდან ტრენდი შეიძლება შეიცვალოს, ვინაიდან ევროპის ჩემპიონატის გამო გერმანიის მიმართ მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა თურქეთი მაინც დარჩება იმ ქვეყნების სათავეში, სადაც ქართველები მოგზაურობას გეგმავენ და ამ რეალობას დიდად ვერც დორტმუნდის ფაქტორი შეცვლის.

კელაურაძის ინფორმაციით, თურქეთის წილი სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაახლოებით 75%-მდეა. მთავარ ფაქტორად, რის გამოც დამსვენებლები უპირატესობას თურქეთს ანიჭებენ, მისივე თქმით, ხელმისაწვდომი ფასი (ავიაბილეთი, სასტუმრო) და მომსახურების ხარისხია.

მისი ინფორმაციით, საბერძნეთი  რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ქართველი ტურისტები ზაფხულში ყველაზე მეტად ისვენებენ. ასევე მაღალია მოთხოვნა ხორვატიასა და მონტენეგროზე, სადაც კარგი ზღვაა. 

რაც შეეხება ევროპის სხვა  ქვეყნებს, მამუკა კელაურაძის ინფორმაციით, წელს გერმანია მოწინავე პოზიციაზე დარჩება. ასევე დიდია ინტერესი იტალიის და ესპანეთის მიმართ, რაც შეეხება ბულგარეთს, იმის გამო, რომ პირდაპირი ფრენები არ არის, აქცენტი ამ მიმართულებაზე ნაკლებად კეთდება.

გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, აზიის ქვეყნები  მაღალი მოთხოვნით ზაფხულში ისედაც არ არის გამორჩეული, ვინაიდან ტენიანი პერიოდია და მომხმარებლები თავს იკავებენ.

გარდა ამისა, როგორც მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, ბოლო წლების განმავლობაში  შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და დაბალბიუჯეტური ტურები უმეტესად დამოუკიდებლად იგეგმება,  რის გამოც ეს სეგმენტი ტურისტულ კომპანიებს მოაკლდა.

‘’თითქმის ყველა  მგზავრი ცდილობს თვითონ შეძლოს და დაკომპლექტოს საკუთარი მოგზაურობა. ბილეთები იყიდოს  საიტზე და ადგილებიც დაჯავშნო. ამის გამო  ბევრ მგზავრს ემართება გაუთვალისწინებელი პრობლემა, როცა ვთქვათ,  ბილეთი არასწორად აქვს აღებული და განთავსების კუთხითაც გარკვეულ გაუგებრობას აწყდება, შეიძლება არასწორად იყოს ადგილები დაჯავშნილი და სხვა.  შესაბამისად, საკმაოდ პრობლემატური შემთხვევები ხშირადაა, განსხვავებით საშუალო და მაღალბიუჯეტური ტურებისგან, რომლებიც ძირითადად ტურისტული კომპანიების მოხმმარებლები არიან და ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა“, - აცხადებს მამუკა კელაურაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“.

რაც შეეხება ფასებს, გაძვირებულია როგორც ავიაბილეთები, ასევე სასტუმროს ტარიფები, რაც ზოგადად გლობალური ტენდენციაა და გარკვეული გავლენა ევროპის ჩემპიონატმაც მოახდინა.

,,ავიაბილეთები ძირითადად გაძვირდა ივნისის პერიოდის გამო, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატია და ავიაკომპანიებზე მოთხოვნა იზრდება. მართალია, Wizz Air-მა დანიშნა დამატებითი ფრენები გერმანიის მიმართულებით, თუმცა ბილეთის საფასური 400 ევროს შეადგენს, რაც ნამდვილად არ არის შეღავათი. გერმანიაში დანარჩენ ევროპასთან შედარებით, ყოველთვის მისაღები ფასები, მაგრამ ახლა იქაც შეიცვალა ვითარება.ახლა ეს მოცემულობაა ძალიან ბევრ ქვეყანაში.  ტენდენცია სავარაუდოდ წლის ბოლომდე გასტანს, მომავალი წლიდან კი ბაზარი ფასებს თავისთავად დაარეგულირებს“, - აცხადებს კელაურაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ტურებზე მოთხოვნა საქართველო-საბერძნეთის მატჩის დასრულებისთანავე გააქტიურდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით