სექტემბერ-ოქტომბერში 80%-იანი დატვირთულობა გვქონდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, - ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში მდებარე ტურისტული კომპლექსის "ვილაჯიო მირზაანი რეზორტის" დამფუძნებელმა რატი ტოკლიკიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, სასტუმროს დამსვენებლები ძირითადად ქართველები არიან, ხოლო უცხოელი სტუმრების წილი საერთო რაოდენობის 30%-ს შეადგენს.
"ჩვენ დავამატეთ ღვინის მარანი და სადეგუსტაციო სივრცე, სადაც სხვადასხვა მასტერკლასი იმართება. კომპლექსი მოიცავს ასევე, დახურულ საცურაო აუზს, რომლის მასშტაბიც კახეთის რეგიონში არ არის. ამასთან, დიდი წარმატებით ვმასპინძლობთ ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ კონფერენციებს და სხვადასხვა ღონისძიებებს. დაგვემატა სკვერი და ფოტოსესიის სივრცეები. გაფართოების ინვესტიციის ჯამური მოცულობა დააახლოებით 3 მლნ. ლარს შეადგენს. დამსვენებლები ძირითადად ქართველები არიან. დაახლოებით, 70% არის ადგილობრივი, ხოლო 30% უცხოელი, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან", - აცხადებს რატი ტოკლიკიშვილი.
რაც შეეხება ზამთრის სეზონს - კომპლექსის დამფუძნებელს დადებითი მოლოდინები აქვს და აღნიშნავს, რომ მომხმარებლებმა ახალი წლის პერიოდის დაჯავშნა უკვე დაიწყეს.
"ზამთარი ყველა სასტუმროსთვის რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთი შეთავაზებები, როგორიც ფაქტობრივად არც ერთ სასტუმროს არ აქვს. მაგალითად, გვაქვს აივანზე ჯაკუზი, დახურული აუზები და ა.შ. ყველაზე დატვირთული ახალი წლის სეზონი არის ხოლმე", - აღნიშნა მან.
რატი ტოკლიკიშვილის შეფასებით, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი, რომლის რესტავრაციის დასრულებაც მომდევნო წელს იგეგმება, ხელს შეუწყობს როგორც სასტუმროს დამსვენებლების რაოდენობების ზრდას, ისე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
ცნობისთვის "ვილაჯიო მირზაანი რეზორტი" 2022 წელს გაიხსნა. საწყისი კაპიტალი ₾ 225 000 იყო, საიდანაც 170 000 სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება შეადგენდა. ტურისტული კომპლექსი 1 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. სასტუმრო კომპლექსი 10 ხის კოტეჯს, 15-ნომრიან სასტუმროს, ღვინის მარანს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სკვერს, საფოტოსესიო სივრცეებს, ივენთჰოლს, სადეგუსტაციო სივრცესა და ბარს მოიცავს.