საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
EMITT 2025-ზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ. გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.
გამოფენას დაესწრო სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი.
EMITT 2025-ის ფარგლებში, საქართველოს საპრომოციო სტენდთან, ქართული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენის სტუმრები გაეცნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, ქართულ კურორტებს და კულტურას. სტამბოლში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, B2B ფორმატის ფარგლებში, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით, თურქ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს.
EMITT 2025-ის ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე 653 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი. სტამბოლის გამოფენამ 220-ზე მეტ ტუროპერატორს უმასპინძლა.