logo
Loading data...

"ტურისტს თუ სერვისი არ დახვდა, მხოლოდ ბუნების სანახავად არ ჩამოვა" - სასტუმრო "ძველი სახლი"

"ტურისტს თუ სერვისი არ დახვდა, მხოლოდ ბუნების სანახავად არ ჩამოვა" - სასტუმრო "ძველი სახლი"

1714053600

მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმრო ''ძველი სახლის"  თანადამფუძნებელი სანდრო გოშთელიანი "ბიზნესპარტნიორთან"  აცხადებს, რომ მომხმარებლის ქცევა შეიცვალა და მხოლოდ ველური ბუნების სანახავად ტურისტები კურორტს იშვიათად სტუმრობენ. მისი ინფორმაციით, სანახაობასთან ერთად, ტურისტები ითხოვენ მაღალი ხარისხის სერვისს, რასაც ადრე ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას.

როგორც  გოშთელიანი აღნიშნავს, წინა წლებისგან განსხვავებით,  სეზონის დაწყებამდე ადგილები იშვიათად იჯავშნება, რის გამოც პროგნოზის გაკეთება ჭირს. მისი თქმით, ამის მიზეზი სასტუმროების დიდი არჩევანია, რაც ტურისტს სერვისის მიწოდებას უმარტივებს.

"აქტიური სეზონის წინა პერიოდია და ჯერ არ მიგვიღია შეკვეთები, ამიტომ მიჭირს ვარაუდი, ვის და რომელი ქვეყნებიდან ვუმასპინძლებთ. გასულ წელსაც ანალოგიური ვითარება იყო, თუმცა ზაფხულის სეზონზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. რამდენიმე  ქვეყნიდან გვყავდა მომხმარებელი, როგორც ევროპიდან, ასევე აზიის სახელმწიფოებიდან და რუსეთიდანაც. ალბათ, წელსაც ასე იქნება. მთავარია, ტურისტს კარგი სერვისი დახვდეს. ადრე არ იყო სასტუმროების დიდი რაოდენობა და ვიზიტორები ყველანაირ პირობებში ცხოვრობდნენ. ახლა როცა ამდენი გაიხსნა, მიწოდება მაღალია და უკვე ხარისხს ითხოვს, ყველა კომფორტს ეძებს. მარტო ველური ბუნების მოყვარული ტურისტი ძალიან ცოტაა“, - აცხადებს სანდრო გოშთელიანი.

საოჯახო სასტუმრო ''ძველი სახლი" 2012 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ობიექტი 5 ნომრით იყო წარმოდგენილი, თუმცა 2017 წელს სააგენტო  ''აწარმოე საქართველოში"  თანადაფინანსებით ისარგებლა და გაფართოვდა.

როგორც სანდრო გოშთელიანი აღნიშნავს, სააგენტოს მეშვეობით იაფი სესხი მიიღო და ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდა.  

ცნობისთვის, სასტუმრო ძველი სახლი" მესტიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ჯამში 22 ნომერს მოიცავს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით