logo
Loading data...

"ზესტაფონის ახალი გზის გახსნა ტურისტულ აქტივობას წაახალისებს" -  სასტუმრო "აისი"

"ზესტაფონის ახალი გზის გახსნა ტურისტულ აქტივობას წაახალისებს" -  სასტუმრო "აისი"

1714464364

თბილისიდან ბათუმში მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირება ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს, განსაკუთრებით კი შიდა ტურიზმს წაახალისებს. ამის შესახებ  "ბიზნესპარტნიორთან"  ბათუმში მდებარე სასტუმრო ‘’აისის“ გენერალურმა მენეჯერმა მარიკა ბოლქვაძემ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მგზავრობის ხანგრძლივობის კლება მნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადგილობრივ ტურისტებს და უცხოელების იმ ნაწილს, რომლებსაც ბათუმში ჩამოსასვლელად ავტომობილების დაქირავება უწევთ.

"გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა პირდაპირკავშირშია ტურიზმის განვითარებასთან, შესაბამისად, დიდი მოლოდინია, რომ ტურისტული ნაკადები გაიზრდება. ახალი გზის გახსნა პირველ რიგში, შიდა ტურიზმს წაახალისებს და სეგმენტის რაოდენობას გაზრდის. ცხადია, უცხოელ  ვიზიტორებზეც დადებითად იმოქმედებს. თბილისის აეროპორტიდან ბათუმში  ავტომობილით მომავალი ტურისტებისთვის გზა ნაკლებ დროში დაიფარება და ამასთან  კომფორტულად იმგზავრებენ. ჩვენს სასტუმროებში განთავსება და ასევე  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დათვალიერება ამიერიდან უფრო გამარტივდება. ვფიქრობ, ახალი გზის გახსნით როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო მგზავრებისთვის ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და ტურიზმი ამას ყველას უკეთ იგრძნობს“, - აცხადებს მარიკა ბოლქვაძე.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონზე სასტუმროს დატვირთულობას, "აისის" გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროს 70-80% უკვე დაჯავშნილია. აქედან ადგილობრივი ტურისტების წილი 10%-ს შეადგენს. მოთხოვნა ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან ფიქსირდება, მოწინავე პოზიციაზე კი პოლონეთია. ბოლქვაძის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდშიც ზუსტად ეს მოცემულობა იყო.

სასტუმრო "ასისი"  ბათუმში 2012  წლიდან ფუნქციონირებს.  სასტუმრო 4-ვარსკვლავიანია.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის 26 აპრილს გაიხსნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება.

ამ დროისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ  ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით