logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ფიროსმანის ქუჩა N29-ში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფიროსმანის ქუჩა N29-ში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1738136880

„თბილისის განვითარების ფონდმა“ ფიროსმანის ქუჩა N29-ში არსებული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ შენობა ისტორიული ძეგლია, ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და თითოეული ორნამენტი შენარჩუნებული იქნება.

„თბილისის განვითარების ფონდმა“ ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩა N29-ში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზე ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმიც მდებარეობს. შენობა, რომლის ფასადმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია, აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს. არქიტექტურული თვალსაზრისით, ნაგებობა ეკლექტიკური სტილის მატარებელია და მხატვრული გამომსახველობითა და პროპორციებით, ქუჩას ორგანულად ერწყმის.

პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განხორციელდება: საძირკვლისა და კედლების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები; ფასადების აღდგენა-მოწესრიგება მათი პირვანდელი სახით; ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, თითოეული ორნამენტი შენარჩუნებული იქნება. ეზოს ნაწილში არსებული ამორტიზებული და დაზიანებული ხის დეკორატიული ელემენტებისა და შუშაბანდების პირვანდელი სახით აღდგენა მოხდება. ასევე, იგეგმება კომუნიკაციების, წყლისა და წყალარინების ქსელების, ელექტროსადენების მოწესრიგება, როგორც მიწის ქვეშ, ისე მიწის ზემოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სხდომის მიმდინარეობისას წარმოადგინა შენობა-ნაგებობის ამსახველი ვიზუალური მასალა. მისივე თქმით, სამუშაოების შესრულებას 18 თვე დასჭირდება.

„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 53 ბენეფიციარს  საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება და მათი უძრავი ქონების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება. ძალიან მიხარია ამ ოჯახების სიხარული და ბედნიერება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გამოგვყევით