გასულ წელთან მიმართებაში, ვერ ვიტყვი, რომ ნედლეულის ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუმცა, რა თქმა უნდა, ლარის კურსის ცვლილება ფასებზე აისახება, რადგან წარმოებისთვის ნედლეულის ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია, - ამის შესახებ სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, "ნოვას" ნედლეული სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, უკრაინიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს.
"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ბიზნესზე დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ მცირედად მაინც აისახა. ქვეყანაში ფონია ისეთი, როდესაც მოსახლეობას და ბიზნესებს ინვესტიციების მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა უჭირს. ეს გარკვეულწილად, თუ ჯერ არა, მომავალში აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ჩვენს ბიზნესზე.
სამშენებლო მასალების ბიზნესი მშენებლობის ბიზნესზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და თუ მშენებლობის მიმართულებით კრიზისი შეიქმნება და მოთხოვნა შემცირდება - ეს პროპორციულად აისახება ჩვენს ბიზნესზე", - აცხადებს ედიშერ ხიმშიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 იანვრის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც 27 იანვარს მოქმედებდა, 2.8808 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0014 ლარია. 27 იანვარს მოქმედი კურსი 3.0263 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0249 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, "ნოვას" 7 საკუთარი ფილიალი და 2 ფრენჩაიზი აქვს. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია - „ნოვა“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI; SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS; INGCO; BIEN.