logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"გლობალურ ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა, ბენზინის ფასმა მოიმატა საქართველოშიც" - ვახტანგ იობაშვილი

ადგილობრივ ბაზარზე ბენზინი გაძვირდა. „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ ფასების მატება, ჯერჯერობით, მხოლოდ მსხვილ, ბრენდირებულ სადგურებზე შეინიშნება. საუბარია, რეგულარის ტიპის საწვავზე, რომლის ფასიც 8 თეთრით გაიზარდა და დღეს, მისი ღირებულება 3 ლარიდან - 3 ლარსა და 5 თეთრამდე მერყეობს.

იობაშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში, ბენზინის ამ სახეობაზე ფასების მატება პატარა ავტოგასამართ სადგურებსაც მოუწევთ.

რაც შეეხება გაძვირების მიზეზებს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მიზეზი როგორც საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე გაზრდილი ფასები, ასევე ლარი-დოლარის კურსის ცვლილებაც გახდა.

„ნავთობიმპორტიორები პროდუქტს ყოველთვის დოლარში ყიდულობენ, ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება, მნიშვნელოვნად უძვირებთ მათ შესაძენ პროდუქტს, რაც შემდგომ ასახვას პოვებს ხოლმე საწვავის ფასზე“, - განმარტა იობაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა იმპორტის დინამიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გაზრდილი ავტოპარკიდან გამომდინარე, საქართველოში საწვავის მოხმარება წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითისთვის, 2024 წელს ქვეყანაში 1.3 მილიონი ტონა ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 8.3%-ით მეტი იყო 2023 წლის მონაცემებზე. რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვეს, ქვეყანამ 124 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, რაც გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატებოდა.

რაც შეეხება საერთაშორისო სანავთობო ბირჟებს, იქ ამჟამად, ნავთობის ფასების მეტ-ნაკლები სტაბილურობა შეინიშნება და დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 78 დოლარად ივაჭრება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის სტაბილიზაცია და მცირედით კლება, ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, თუმცა, მათ უჭირთ პროგნოზის გაკეთება, რამდენად შენარჩუნდება ეს სურათი. როგორც დარგის ექსპერტები განმარტავენ, 2025 წლისთვის ნავარაუდევი იყო, რომ ნავთობის ფასი შემცირდებოდა, თუმცა მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით, ნავთობის საერთაშორისო ფასი 6%-ის ფარგლებში გაიზარდა.

Galt & Taggart -ის ფინანსური ბაზრების ასოცირებული მკვლევარი სერგი ყურაშვილი, „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ამბობს, რომ ფასის მატება რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის ამერიკის ექს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის ნავთობ ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციებით, რომელიც მასშტაბით აქამდე გამოცხადებულ სანქციებთან შედარებით, ყველაზე დიდია და რის გამო, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეფერხებები მოჰყვეს რუსული ნავთობის ექსპორტს. მაგალითად, როგორც ყურაშვილი განმარტავს, პირველად შეეხო სანქციები ორ მსხვილ რუსულ ნავთობ მომპოვებელს, მათ შორის "გაზპრომ ნეფტს".

ექსპერტების შეფასებით, ეს ყველაფერი საშუალოვადიან პერიოდში, ნავთობის მიწოდებაზე გავლენს მოახდენს, რამაც ფასები ბუნებრივად გაზარდა. თუმცა, მეორე მხრივ, ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც ამერიკული ნავთობის წარმოება და შესაბამისად, გლობალური ბაზრისთვის მიწოდება უნდა გაიზარდოს. ახალი დადგენილება ნავთობმომპოვებელ კომპანიებს უფლებას აძლევს, ისეთ ადგილებში დაიწყონ ჭაბურღილების გათხრა, სადაც აქამდე ეს საქმიანობა შეზღუდული იყო“, - აღნიშნა Galt & Taggart -ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა.

მისივე თქმით, ამ ერთმანეთისგან განსხვავებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსებს უჭირთ პროგნოზების გაკეთება, თუ რა ნიშნულზე დასტაბილურდება ნავთობის საერთაშორისო ფასი 2025 წელს.

გამოგვყევით