ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს განაცხადა.
ილჰამ ალიევის თქმით, ეს ორივე ქვეყნის ინტერესებსა და მთელს რეგიონს ემსახურება.
„განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ბევრი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია, 25 მლრდ კუბური მეტრი იყო გასულ წელს მისი მოცულობა და 10% ექსპორტიდან საქართველოს წილია.
იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიღე საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებაზე, 80% ამ აირიდან აზერბაიჯანიდან მოდის. ეს არის ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტი და განსაკუთრებული პროექტი. ეტაპობრივად, გეოგრაფია ჩვენი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაიზრდება, გაფართოვდება, როდესაც ახალი საბადოების ათვისება მოხდება მომდევნო წლებში. ახალი საბადოების აღმოჩენა მოხდება აზერბაიჯანში და ეტაპობრივად, ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ მწვანე ენერგიის პროექტზე ერთად და ესეც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ პასუხისმგებლობიანი მთავრობები ვართ იმდენად, რამდენადაც არსებობს ამის აუცილებლობა, ამ ტიპის ენერგიის აუცილებლობა ბაზარზე და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს მივიღე, მწვანე ენერგიის პროექტი წარმატებით ხორციელდება და ბევრი სხვა პროექტის მსგავსად, ეს პროექტიც წარმატებული იქნება უდავოდ. ამის დიდი შანსი არსებობს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.