logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ნუ გამოვაყენებინებთ რიგი ბიზნესები თავს რიგ პოლიტიკოსებს, რომლებსაც კონკრეტული ინტერესები აქვთ"

ყველა ბიზნესს პატივს ვცემ და მხარს ვუჭერ, მაგრამ ნუ გამოვაყენებინებთ რიგი ბიზნესები თავს რიგ პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინტერესები და თქვენი გულწრფელი აზრი ან გამოხატვის თავისუფლება შეიძლება საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგად აქციონ, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის  სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოში დღეს, აზრის გამოხატვის თავისუფლება თითოეულ ადამიანს/ბიზნესმენს აქვს და ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება ვფიქრობ ყველამ უნდა დააფასოს.

„ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში ასეთი პროცესები ხდება და პოლიტიკური დაძაბულობაა, რომელიც დეკემბრის თვიდან გვაქვს - ეს გარკვეულ მომხმარებლებში, ბიზნესებსა თუ ინვესტორებში ერთგვარად მოლოდინის განცდას აჩენს, შესაძლოა რიგი პროექტების დაპაუზება, ან სამომავლოდ გადატანა მოხდეს. მეორე მხარეა -  საგარეო პოლიტიკური გავლენა, ჩვენ ქვეყანაზე დასავლეთის ქვეყნების გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მწვავე წნეხია, მათ შორის მოსალოდნელ სანქცირებებთან დაკავშირებთ, ვფიქრობ მოსახლეობას საკმარისი ინფორმაცია აქვს თუ რას უკავშირდება ეს.

გარდა ამისა, არის შიდა ბულინგი და ზეწოლა. თუ ბიზნესი არ აფიქსირებს პოზიციას, თავის საქმეს აკეთებს, ან განსხვავებული პოზიცია აქვს - შეიძლება დაახრჩონ, დაემუქრონ, რეპუტაცია შემლახავი კამპანიები აუგორონ, რაც მიუღებელია, ბიზნესი არ იმსახურებს ასეთი ტიპის დამოკიდებულებას. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი, საკუთრების უფლება არის მყარად გარანტირებული და აქვს გამოხატვის თავისუფლება.  ყოფილი ბიზნესმენების და დღევანდელი პოლიტიკოსების გარემოცვის კომპანიები თითქოს ცდილობენ ამინდის შექმნას და საუბრობენ მთლიანად ბიზნესის სახელით, მაშინ როდესაც საქართველოში მოქმედი აქტიური ბიზნესების ძალიან მცირე 1%-მდე ნაწილს წარმოადგენენ.

ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის სრული თავისუფლება, ყველას უნდა ევროპული მომავალი და  ღირებულებები, მშვიდობა და სტაბილურობა.

ვფიქრობ უნდა გავიგოთ, რომ ძალიან რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ზოგდად მსოფლიოში. ამ დიდი სურათის დასანახად, ვისაც კითხვები აქვს, შესაძლოა მეტი შეხვედრა შედგეს ეკონომიკურ გუნდთან და ამის მზაობა პრემიერ-მინისტრისგან არაერთხელ ყოფილა გამოთქმული, დღეს ყველა სახელმწიფო უწყება ღია და ადვილად ხელმისაწვდომია“, - აცხადებს ლექვინაძე.

გამოგვყევით