logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

კურორტ გოდერძიზე დამსვენებელთა რაოდენობა გასამმაგდა - Eagle's Nest

კურორტ გოდერძიზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამსვენებელთა რაოდენობა გასამმაგდა, - ამის შესახებ კურორტზე არსებული კოტეჯების Eagle's Nest-ის დამფუძნებელმა ჯონი შავაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, კურორტს როგორც ქართველები, ისე უცხოელები სტუმრობენ.

"ბოლო პერიოდში, კურორტზე დამსვენებლების რაოდენობაში ქართველების წილი უფრო მეტია, ვიდრე უცხოელების. ქართველები პროცენტულად, დაახლოებით, 75%-ის შეადგენს. რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს - სხვადასხვა ქვეყნიდან გვსტუმრობენ, მათ შორის, იყვნენ ისრაელიდან, ფილიპინებიდან, სომხეთიდან და ასევე, პოლონეთიდან. 

ჩვენი კოტეჯი სრულად დატვირთული იყო როგორც ახალი წლის, ისე შემდგომ პერიოდში. ზოგადად, მთელ კურორტზე არსებული ყველა, მათ შორის, საოჯახო ტიპის სასტუმრო შევსებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ წელს ძალიან კარგი ტურისტული წელი გვაქვს. სასტუმროების დატვირთულობის გარდა მოთხოვნა იყო სხვადასხვა სერვისებზე. მაგალითად, 1 ადამიანს, დაახლოებით, 400 წყვილი გასაქირავებელი თხილამური აქვს და 400-ივეს ძალიან მოკლე დროში აქირავებს. ასევე, დიდი მოთხოვნაა, თოვლმავლებზე.

რაც შეეხება ფასებს - კურორტ გოდერძიზე ფასები ბაკურიანის და გუდაურის ფასებზე დაბალია. ვფიქრობ, რომ კურორტის პოპულარიზაცია ნაკლებად ხდება და აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები", - აცხადებს ჯონი შავაძე.

კოტეჯების დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კურორტის უფრო მეტად განსავითარებლად ხელისუფლების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. 

"ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის მოგვარებული დენის და გზის პრობლემა. ვფიქრობ, რომ საჭიროა ხელისუფლება დაეხმაროს ბიზნესებს. მოსაწესრიგებელია პარკინგებიც. მაგალითად, წელს მანქანის გასაჩერებელი ადგილები აღარ იყო", - აღნიშნა მან. 

ჯონი შავაძე მომავალში გაფართოებას და სერვისების დამატებას გეგმავს. 

ცნობისთვის, კურორტ გოდერძიზე არსებული კოტეჯები Eagle's Nest-ი ბაზარზე, დაახლოებით, 2 წლის წინ გამოჩნდა და ამ ეტაპზე, 2 კოტეჯს მოიცავს. 

გამოგვყევით