logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ზაფხულის ჯავშნები გაგვიუქმდა - სასტუმრო "ლაჰილი"

საფრანგეთიდან, კონკრეტულ ტურისტულ კომპანიას, საკმაოდ დიდი ჯავშნები ჰქონდა 2025 წლის ზაფხულის სეზონზე, თუმცა ყველა  გაგვიუქმდა, - ამის შესახებ სვანეთში მდებარე სასტუმრო "ლაჰილის" მფლობელმა ლევან დადვანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ზოგადად, წინასწარი ჯავშნების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 50%-ით არის შემცირებული. 

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აისახა ჩვენს ბიზნესზე. აღარ შემოგვდის იმ რაოდენობის ჯავშნები, რაც წინა წელს გვქონდა, თუმცა ჯავშნების ჯამური ნიშნული მცირედით დაბალია", - აღნიშნა ლევან დადვანმა.

რაც შეეხება განვლილ ზამთრის სეზონს - როგორც სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, საკმაოდ აქტიური სეზონი იყო, თუმცა 10 იანვრის შემდეგ აქტივობა შემცირდა. 

"ყოველთვის, ყოველ წელს საშობაო არდადეგების შემდეგ აქტივობა მცირდება, თუმცა ამ ზამთრის სეზონზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დატვირთულობა მაინც 20%-მდე იყო შემცირებული. ძირითადად ადგილობრივები იყვნენ და ასევე, რუსები. 

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ხარისხმა დაბლა დაიწია. ადრე ძირითადად ევროპელი ტურისტები გვსტუმრობდნენ რომლებიც მაღალმხარჯვეულუნარიანები იყვნენ და ასევე, მაღალი სტანდარტის მოთხოვნები ჰქონდათ. ამ ეტაპზე კი, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს ასეთი მოთხოვნები არ აქვთ", - აცხადებს ლევან დადვანი. 

"ლაჰილის" მფლობელმა ხაზი გაუსვა, რომ სვანეთი ტურისტული სეზონისთვის ყველანაირად მზად არის და აქვს იმედი, რომ მიმდინარე 2025 წელი, წინა წელთან, შედარებით უკეთესი იქნება.

"საბაგიეროები გამართულად მუშაობს, საოცარი თოვლია, დენის პრობლემაც მოგვარდა და ყველანაირი საშუალებაა იმისთვის, რომ ტურისტმა კომფორტულად დაისვენოს. ვფიქრობ, რომ 2025 წელი გარდამტეხი იქნება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება", - აღნიშნა მან. 

ცნობისთვის, დაბა მესტიაში მდებარე, 25-ნომრიანი სასტუმრო "ლაჰილი" ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. 

გამოგვყევით