logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"რითეილ სექტორმა ღამის კადრების მოძიება უნდა დაიწყოს, რათა ობიექტების მომარაგება შეუფერხებლად მოხდეს" - "იმერი"

სადისტრიბუციო ბიზნესისთვის ამოქმედებული ახალი რეგულაცია კარგია, თუმცა ვფიქრობ, რომ ობიექტების მომარაგება ღამით უნდა ხდებოდეს. რითეილ სექტორმა ღამის კადრების მოძიება უნდა დაიწყოს, რათა ობიექტების მომარაგება შეუფერხებლად მოხდეს, - ამის შესახებ ბაღჩეულისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია "იმერის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ კიკნაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 1-ელ იანვარს ამოქმედებულ რეგულაციას, რომელიც თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვას სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებზეც ითვალისწინებს.

მისივე ინფორმაციით, რითეილ სექტორმა ისეთი კადრები უნდა დაამატოს, რომლებიც პროდუქციის მიღებას შეძლებენ და დილას მომხმარებელს მაღაზია შევსებული დახვდება.

"დღის განმავლობაში ჩემი დისტრიბუცია პირობითად დილის 9 საათზე რომ იწყებს მუშაობას, ხანდახან პროდუქცია მანქანაში რჩება, რადგან სულ საცობშია. შესაბამისად, როცა გვეცოდინება, რომ ობიექტი ღამე ან თუნდაც დილის 5 საათზე მიიღებს პროდუქციას, 10 საათში გასაკეთებელ საქმეს სადისტრიბუციო მანქანა 4-5 საათში დაასრულებს.

ბუნებრივია, რომ ამჟამად ამოქმედებული რეგულაციით, თუ რითეილ სექტორი არ დაგვეხმარა, სადისტრიბუციო კომპანიები დადგენილ საათებში ობიექტების მომარაგებას ვერ მოასწრებენ. ეს სახელმწიფოს და რეგულაციის ბრალი არ არის. პირიქით, ძალიან მაგარი რეგულაციაა და უნდა განვვითარდეთ, მაგრამ რითეილ სექტორმა უნდა დაამატოს კადრი, რომ ობიექტი ღამე მომარაგდეს.

თუ რითეილ სექტორი ღამის კადრებს დაამატებს, ყველა კატეგორიის დისტრიბუციის მანქანა იმ დროს მივა და ეს ბევრ პრობლემას აღმოფხვრის. ობიექტის ღამე მომარაგება რეგულაციით შეზღუდული არ არის, თუმცა ობიექტებს ღამის კადრები არ ჰყავთ და მომარაგებას ვერ ვახორციელებთ. სახელმწიფომ, დისტრიბუციამ თუ რითეილ სექტორმა ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ. 

რითეილ სექტორისთვის დამაზარალებელი იქნება თუ სადისტრიბუციო კომპანია დილას მისატან პროდუქტს საღამოს მიუტანს, რადგან ეს დღე გაყიდვების კუთხით დაკარგულია. შესაბამისად, კადრების დამატება და ღამით მომარაგებაზე გადასვლა მათთვის ფინანსურად დამაზარალებელი არ იქნება", - აცხადებს ნიკოლოზ კიკნაძე.

ცნობისთვის, ახალი რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.

გამოგვყევით