დღეს საქართველოში სხვადასხვა ბიზნესკომპანიას ბევრი უცხოელი პარტნიორი ჰყავს და შესაბამისად, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია გავლენას ახდენს ნებისმიერ მათ გადაწყვეტილებაზე - პირველ რიგში ახალი ინვესტიციების დაწყებაზე. გარკვეულ პერიოდში კი შესაძლოა მიმდინარე პროექტებზეც მოახდინოს გავლენა, - ამის შესახებ "არსის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, 2024 მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი იყო, თუმცა უარყოფილი მოლოდინებით დასრულდა.
"ჩვენ უკვე 10 წელია ევროპელ პარტნიორთან ვთანამშრომლობთ და მას საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს საქართველოში განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან პარტნიორობის შედეგად, განხორიციელებულ პროექტებში 90% პროცენტი რეინვესტიციაა, ანუ ქვეყნიდან არ არის გასული. მერწმუნეთ, რომ ეს ადამიანები ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს არ უყურებენ, მაგრამ უყურებენ საერთაშორისო დონეზე ქვეყნის რეპუტაციას. ვხედავთ, რომ არ არის არჩევნები აღიარებული, მათ შორის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის - ესტონეთის მიერ, სანქცირებული არიან მთავრობის წევრები და ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს და აჩენს კითხვებს ღირს თუ არა ამ ქვეყანაში ინვესტიციების დატოვება. ამ ნაწილშია პრობლემა. საერთაშორისო რეპუტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, გაგვიჭირდება დავარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა.
ბიზნესისთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, დღეს საქართველოში სტაბილურობის შეგრძნება არ არსებობს. შეიძლება დღეს ბევრად მზად ვართ ვიდრე 2008 წელს და ვიდრე კოვიდ პანდემიის პერიოდში, მაგრამ მნიშვნელობა აქვს შინაარსს. როდესაც საკითხი ეხება რაიმე სოციალურ თემას ამან შეიძლება ეკონომიკაზე დიდად გავლენა არ მოახდინოს.
2008 წელს 1 თვეში ჩამოიშალა სექტორი, დღეს შეიძლება უფრო მეტხანს გაძლოს. მნიშვნელოვანია პროცესების დეესკალაცია", - აცხადებს ბესო ორთოიძე.