logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"საქართველოს სჭირდება ისეთი ტურისტები, რომლებიც მოგზაურობის დროს თანხებს არ ზოგავენ" - ჯულია მგელაძე

საქართველოს სჭირდება ისეთი ტურისტები, რომლებიც მოგზაურობის დროს თანხებს არ ზოგავენ, -  ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" "ჰოტეილერი", სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ბიზნეს პარტნიორი ჯულია მგელაძე აცხადებს. 

მისივე შეფასებით, თუ ქვეყანაში არ იქნება ხარისხიანი მოგზაური, არ დაიტვირთება მაღალი კლასის სასტუმროები, ასევე ძალიან დაეტყობა ეს საკითხი კვების ობიექტებს, სხვადასხვა გასართობ ობიექტებსა თუ სავაჭრო ცენტრებს.

"ყოველივე ზემოთ ხსენებული იმოქმედებს ავიაკომპანიებზეც, რომლებიც ჯერ დაიწყებენ ფრენების განრიგის შეცვლით, ხოლო ბოლოს კი შეიძლება ლოკაციის გაუქმებაზეც დაფიქრდნენ, რაც ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე”, - აცხადებს ჯულია მგელაძე.

როგორც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ბიზნეს პარტნიორი  აღნიშნავს, საქართველოში ძალიან კარგად მუშაობდა საქმიანი ტურიზმი, რომელიც ახლა ფაქტობრივად მოთხოვნების დეფიციტს განიცდის.

"ახალი ბაზრების მოსაზიდად გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები: პირდაპირი ფრენები, ინფრასტრუქტურა როგორც ქალაქში, ასევე რეგიონებში, კვალიფიციური კადრები და ხარისხიანი სერვისი, უსაფრთხოების გარანტიები, სერვისების მრავალფეროვნება. ასევე, დასახვეწი და გასავითარებელია სამედიცინო ტურიზმი, ეკო ტურიზმი,  კონკრეტული შეთავაზებები ველნესის მიმართულებით. ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი ყველა მიმართულებით. გააჩნია რა მიზანი ან ჩანაფიქრი აქვს კონკრეტულ ბიზნესს.

თუ ჩვენი ჩანაფიქრია ქვეყნის კულტურის პოპულარიზაცია, ცალსახად გვჭირდება ევროპული ბაზარი, თუ ჩვენი მთავარი მიზანია, მხოლოდ თანხების შემოდინება, მაშინ გალფის ქვეყნებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ისეთ ბაზრებზე, რომლებიც მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე მოგზაურობენ და შეგვიძლია ცალსახად ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ. ასევე შეგვიძლია მოვიზიდოთ მეტი მოგზაური: ახალი ზელანდიიდან, ტაილანდიდან, სინგაპურიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, შვეიცარიიდან,  თუ აშშ -დან. ოპტიმისტურად მინდა შევხედო ყველაფერს, რადგან ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ბევრ ბერდნიერ მოგზაურს და საერთაშორისო დონეზე აღიარებას, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ლოკაცია”, - აღნიშნავს ჰოტელიერი.

გამოგვყევით