logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მცირე მეწარმეები ქსელურ მარკეტებში პროდუქციის განთავსებაზე საშეღავათო პირობებით უნდა სარგებლობდნენ" - "შოკოჰოლიკი"

მცირე მეწარმეებისთვის ძალიან რთულია ქსელურ მარკეტში შესვლა, რადგან ძალიან დიდია გადასახადი. ისინი ქსელურ მარკეტებში პროდუქციის განთავსებაზე საშეღავათო პირობებით უნდა სარგებლობდნენ,  - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელმა თეა ედიშერაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხის დარეგულირებაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. 

"მესმის, რომ კერძო კომპანიები არიან, მაგრამ უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის ზემოთაც არ უნდა ასწიონ პროცენტი. ძალიან კარგი იქნება თუ დაახარისხებენ მათ ქსელში შემსვლელ მეწარმეებს. მცირე მეწარმეს ერთმნიშვნელოვნად სჭირდება ხელშეწყობა და უნდა იყოს გარკვეული საშეღავათო პირობები, ვიდრე დიდი კომპანიების შემთხვევაში. ერთი და იმავე პროცენტული გადასახადი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში  ვინმემ რამე გააკეთოს.  ამიტომაც არის, რომ ქსელური მარკეტები ძირითადად იმპორტირებული პროდუქციით არის გადავსებული, რომელსაც ფასით კონკურენციას ვერ ვუწევთ", - აცხადებს თეა ედიშერაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ქსელურ მარკეტებში შესვლა სტარტაპებისა და მცირე მეწარმეებისთვის უმნიშვნელოვანესია. თეა ედიშერაშვილის თქმით, დღეს მცირე მეწარმეების უდიდესი ნაწილი პროდუქციის რეალიზაციას ონლაინ ახორციელებს, რაც თავის მხრივ დამატებით ხარჯებს და დისკომფორტს ქმნის.

კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე აღნიშნული საკითხი აქტუალური უფრო მეტად დადგა, რადგან კომპანიებს გაყიდვები მკვეთრად შეუმცირდათ და ბიზნესები გამოწვევის წინაშე დგანან.

"პირველი წელია, როდესაც არანაირი გეგმა არ მაქვს. ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი. აქ აღარ არის მოგებაზე და სამომავლო გეგმებზე საუბარი. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ბიზნესი დაიხურა. სანამ ქვეყანაში მდგომარეობა არ დასტაბილურდება ვთვლი, რომ ვერანაირი გეგმა უბრალოდ ვერ ექნება", - აღნიშნა თეა ედიშერაშვილმა.

გამოგვყევით