"წარმოიდგინეთ პიკური დატვირთვის 14% ნეტო აღრიცხვის არის, როდესაც საწყის ეტაპზე ჩვენ ვიძახდით, რომ მაქსიმალური უნდა ყოფილიყო 2%, შემდეგ ვამბობდით, რომ 4%, შემდეგ 8%, რომ ხელი შეგვეწყო. იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ დღეს უკვე საფრთხეს ქმნის სატარიფო პოლიტიკისთვის. თუ ასე გავაგრძელეთ, ეს შეიძლება ტარიფის გაზრდის მიზეზი გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისი თქმით, ნეტო აღრიცხვის სისტემა ეწინააღმდეგება ევროპაში მოქმედ მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტს და ამის ჩანაცვლების ერთ-ერთი მექანიზმი ნეტო დარიცხვაზე გადასვლაა.
"ნეტო აღრიცხვა ძალიან აქტუალური თემაა დღეს ენერგეტიკაში. ეს არის მოდელი, როდესაც მომხმარებელს შეუძლია საკუთარი გენერაცია იქონიოს როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე მოხმარებისა და გენერაციის წერტილი განსხვავებული იყოს და მასში ხდება გაქვითვა. ანუ ჩვენ ყველანი ელექტროენერგია, როცა ვიღებთ ჩვენი მრიცხველი ამას აღრიცხავს. როდესაც ჩვენ ჩართული ვართ ნეტო აღრიცხვაში, რომელიც შორს არის ჩვენგან დაყენებული, ვაკეთებთ მისი გენერაციის ჩათვლას და არაფერს აღარ ვიხდით. მაგალითად, ჩვენმა მრიცხველმა აღრიცხა 100 კვ.სთ, გამომუშავება იყო ასევე 100 კვ.სთ, სადაც არის ჩვენი გენერაციის ობიექტი და ეს ერთი ერთში გაიქვითა და არაფერი გადასახადი აღარ გვაქვს. ყველაზე საინტერესოა, რომ ნეტო აღრიცხვაში ხდება ენერგიის გაქვითვა, ეს არ არის ფინანსური გაქვითვა. თუ უფრო მეტი გამოვიმუშავეთ ვიდრე მოვიხმარეთ - ამ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი რეგულაცია ნეტო აღრიცხვაზე გვეუბნება, რომ ეს ელექტროენერგია გვენახება და მომდევნო თვეებში, როდესაც ჩვენი მოხმარება გენერაციაზე მეტი იქნება, მაშინ გაგვექვითება. რაღაც პერიოდის შემდეგ შეგიძლიათ ეს ელექტროენერგია მიყიდოთ მიმწოდებელ კომპანიას. ზუსტად ეს არის ნეტო აღრიცხვა, რომელიც შეიცვლება.
ნეტო აღრიცხვა წარმატებულია, რადგან მომხმარებლისთვის, რომელსაც გენერაციის ობიექტები აქვს, არის ძალიან ხელსაყრელი. ეს ნეტო აღრიცხვის სისტემა არის სუბსიდირებული, არ ვიხდით ქსელურ კომპონენტს. A წერტილიდან B წერტილამდე ელექტრო ენერგიის მიტანაში არ ვიხდით ფულს, ანუ მიტანაც იქვითება. განაწილების, გადაცემის ტარიფები არ მონაწილეობს ნეტო აღრიცხვაში, ნულზე სწორდება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ბენეფიტია. ზუსტად ეს არის, რაც ეწინააღმდეგება ევროპაში მოქმედ მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტს და მასში არსებულ დირექტივებს, რომ ეს არის გარკვეულწილად დისკრიმინაციული. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ევროკავშირის დირექტივებთან სრულ ჰარმონიზაციაში ვიყოთ. დირექტივა ამბობს ასეთ რაღაცას, რომ - არ შეიძლება ერთი კატეგორიის მომხმარებლის ხარჯზე დისკრიმინაციული მიდგომით დაასუბსიდირო მეორე მომხმარებელი.
ეს დისკრიმინაციული მიდგომა გამოიხატება იმაში, რომ დღეს 1700-ზე მეტი სადგურია ნეტო აღრიცხვაში ჩართული, "ენერგო პროს" ქსელში სიმძლავრემ უკვე 14%-ს მიაღწია სრული დატვირთვით. წარმოიდგინეთ, პიკური დატვირთვის 14% ნეტო აღრიცხვის არის, როდესაც საწყის ეტაპზე ჩვენ ვამბობდით, რომ მაქსიმალური უნდა ყოფილიყო 2%, შემდეგ ვამბობდით, რომ 4%, შემდეგ 8%, რომ ხელი შეგვეწყო. იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ დღეს უკვე საფრთხეს ქმნის სატარიფო პოლიტიკისთვის. თუ ასე გავაგრძელეთ, ეს შეიძლება ტარიფის გაზრდის მიზეზი გახდეს.
ყველა ის მომხმარებელი, რომელიც ჩართულია დღეს ნეტო აღრიცხვაში მისი გაუქმების შემდეგაც რამდენიმე წელი შეინარჩუნებს ყველა იმ სიკეთეს, რაც ამ სისტემას მოჰყვება, რათა ყველამ მოახერხოს ჩადებული ინვესტიციის უკან დაბრუნება. შემდეგ უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა მექანიზმები და ერთ-ერთი არის ნეტო დარიცხვა. ამ შემთხვევაში არის ფინანსური გაქვითვა და არა ენერგიის გაქვითვა, სადაც ქსელური კომპონენტი უკვე მონაწილეობს. ანუ შეიძლება ელექტო ენერგია გაქვითოთ ფინანსურად, მაგრამ ქსელურ კომპონენტს გადაიხდით. ენერგიის ფინანსური გაქვითვის დროს აღარ შეგენახებათ ელექტრო ენერგია. თუ მეტი გაქვთ გამოეცით, იმავე თვეს მოგცემენ ფულს და ამით დამთავრდება, ანუ ყოველ თვეს დავიწყებთ ნულიდან", - აცხადებს გიორგი ფანგანი.