2024 წელს კომპანიის გაყიდვები გასამმაგდა, - ამის შესახებ ქალის თეთრეულის მაღაზია „ანათეს“ დამფუძნებელმა ანა ქურდაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებით მზარდი იყო გაყიდვები ახალი წლის პერიოდში, სადაც მომხმარებელთა უმეტესობა მამაკაცი იყო, რომლებმაც პროდუქცია საყვარელი ადამიანისთვის შეიძინეს.
"ახალ წელს გაყიდვების ძალიან დიდი ზრდა დაფიქსირდა. კომპანიამ 2024 წელს მამაკაცის ხაზის ნაცვლად ქალის სპორტული სამოსის ხაზი დაამატა. ასევე, 2024 წელს ბათუმში, "მეტრო სითი მოლში" გაიხსნა ჩვენი ფილიალი. გარდა ამისა, თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე გავხსენით საკმაოდ დიდი ფილიალი და ჭავჭავაძის ფილიალი დავხურეთ. მამაკაცის ხაზის დამატება ისევ გვაქვს გეგმაში, თუმცა სანამ ახალ ფილიალს არ დავამატებთ, ამ ხაზის დამატება ფიზიკურად ვერ მოხერხდება", - აცხადებს ანა ქურდაძე.
რაც შეეხება ახალ ფილიალს - როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "ანათე" ახალი ფილიალის გახსნას თბილისში გეგმავს და ამ ეტაპზე, ფართის მოძიების ეტაპზეა.
"წელს ვაპირებთ სპორტული ხაზის ასორტიმენტის გაზრდას. მოთხოვნა ძალიან დიდია და ვაპირებთ ეს ხაზი უფრო გავაფართოოთ. ამასთან, გაზაფხულზე დაგვემატება, რა თქმა უნდა, საცურაო კოსტიუმების დიდი არჩევანი. გარდა ამისა, თბილისში ვეძებთ ფართს და გვინდა, რომ კიდევ ერთი ბრენდული მაღაზია გავხსნათ. აღნიშნული პროექტის ინვესტიცია დამოკიდებული იქნება თუ როგორ მდგომარეობაში ჩაგვბარდება ფართი. ვფიქრობთ, რომ "ანათესთვის" ეს იქნება მაქსიმუმ 30 000 დოლარის ხარჯი", - აცხადებს ანა ქურდაძე.