საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.4 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.2 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
მათივე ცნობით, ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან დაფიქსირდა.
"საქსტატის" მონაცემების თანახმად, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.4 მილიონს მიაღწია, რაც 5.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 78.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 17.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2024 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 19.0%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.4 მილიონი), თურქეთისა (1.3 მილიონი) და სომხეთის (0.9 მილიონი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა, 47.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 41.8 პროცენტს შეადგენდა.
2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 51.9 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 3.4 მილიონი და 2.5 მილიონი ვიზიტი.
2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (5.4 ღამე) 2.6 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 76.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 14.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 10.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 5.4 პროცენტით გაიზარდა და 2 211.2 ლარი შეადგინა.