ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს. როგორც ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ეროვნული ვალუტა 5-6%-ით არის გაუფასურებული.
„ლარის მყისიერ გაუფასურებას არ ველოდებით, არც უნდა ველოდოთ. დოლარი გამყარდა ბოლო პერიოდში ევროსთან და ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან მიმართებაში. ლარის კურსთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს, თუ შევადარებთ ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. განსხვავებით წინა საარჩევნო პერიოდისა, როდესაც იყო მაღალი მოთხოვნა დოლარზე და რისკი, რომ მყისიერად გაუფასურებულიყო ლარი, ამიტომ მოგვიწია კიდეც ჩარევა. ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. ეს კვირა რომ ავიღოთ ორშაბათს და სამშაბათს გამყარდა, გუშინ ცოტათი გაუფასურდა, დღეს ისევ გამყარდა. და ასე შემდეგ“, -განმარტა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები სტაბილურია. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, მზარდია ტურიზმიდან შემოსავლები.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სავალუტო შემოდინებებს, რომელიც ახლა სტაბილურია. აქ მნიშვნელოვანია ტურიზმიდან შემოსავალი. წინასწარი მონაცემებით, როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე შემოსავლების კუთხით ზრდა არის. ძალიან რთულია ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთო ისეთ დროს, როცა გაქვს არა ფიქსირებული ლარის კურსის, არამედ მცურავი კურსის პოლიტიკა.
ინფლაცია კვლავ რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ეს გვიწერია კიდეც კანონში. ფასების დონე შედგება როგორც ადგილობრივ ისე იმპორტულ პროდუქციისა და მომსახურების ფასებისგან. იმპორტული პროდუქციის ფასები კი პირდაპირ დაკავშირებულია ლარის- ევროსა და ლარი-დოლარის კურსთან. როდესაც ლარი უფასურდება, თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა გამოიწვიოს იმპორტული საქონლის გაძვირება. ან მაგალითად, როდესაც ხდება სასაქონლო ფასების, მაგალითად ნავთობის, ზეთის და სხვა პროდუქტების გაძვირება, ეს აისახება ფასებზე. რაც შეეხება ჩვენს ადგილობრივ ფასებს, მთელი თვეების განმავლობაში, მიზნობრივ 3%-ზე დაბალი რჩებოდა“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.