ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესი მაღალია. როგორც ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოვიყურებით პოტენციური თუ არსებული ინვესტორების თვალში. ჩვენ ღია ტიპის, მცირე ეკონომიკა გვაქვს. დიდად ორიენტირებული საგარეო შემოდინებებზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რაც იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი, 2023 და 2024 წლების ეკონომიკების ზრდის. რომ შევაფასოთ ჩვენი საინვესტიციო მიმზიდველობა, კვლავაც ვართ მიმზიდველები. მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ურთულეს სამეზობლოსთან ვიმყოფებით. სარისკო პროცესები მიმდინარეობს, დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომით გაგრძელებული სხვა კონფლიქტებით.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი Raiffeisen Bank-ის ორგანიზებით ვენაში გამართულ შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ფორუმის ფარგლებში, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები საქართველოს მიმართ რელევანტურ კითხვებს სვამდნენ.
„ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები უცხოელ ინვესტორებთან. ერთი წლის წინაც ვიღებდი ამ ტიპის ფორუმში მონაწილეობას. მაშინაც იყო ინტერესი ინვესტორების მხრიდან, ათამდე საინვესტიციო ფონდი ესწრებოდა. წელს მე დავინახე გასამმაგებული ინტერესი. შეხვედრას 25 საინვესტიციო ფონდი ესწრებოდა. ესენი იყვნენ გლობალური ფონდები. უფრო მეტად, დასავლური კაპიტალი იყო წარმოდგენილი.ძირითადად, ევროპული და ამერიკული. რა თქმა უნდა აზიურიც. მათი მხრიდან კითხვები იყო სხვადასხვა, ძირითადად ეკონომიკური ხასიათის. მათი ცოდნა იყო საკმაოდ საფუძვლიანი, ინვესტორი ტყუილად დროს არ დახარჯავს იმისთვის რომ შეისწავლოს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა. პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითაც შეკითხვებიც იყო. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ ამას არასდროს არ გავურბივართ, ეს კარგია იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი სწორი ინფორმაცია გავიტანოთ.“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.