logo
Loading data...

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" პრივატიზება არ განიხილება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" პრივატიზება არ განიხილება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

1713872793

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პრივატიზება ამ ეტაპზე არ განიხილება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განუცხადა, სახელმწიფო გეგმავს კომპანია უფრო მეტად გააძლიეროს.

„ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალაქისა და სოფლისათვის იყოს ხელმისაწვდომი წყალი და ეს იქნება ეტაპობრივი - დაგეგმილია, რომ 2025 წლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ქალაქებისთვის იყოს ხელმისაწვდომობა, ხოლო 2030 წლისთვის, უკვე დასახლებების დონეზე. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს სასმელი წყალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაძლიერდეს კომპანია, როგორც მენეჯმენტის თვალსაზრისით, ასევე, დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთის ზრდის მიმართულებით.

როდესაც ჩვენ კომპანიის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი აღჭურვილობა და ლაბორატორიები ჰქონდეს ოპერირებისთვის. ამ ეტაპისთვის განიხილება, რომ ზოგადად, მაქსიმალურად გაძლიერდეს კომპანია, იყოს მდგრადი და შესაძლებლობა ჰქონდეს მაქსიმალურად მეტი ქალაქი დაფაროს. სხვა მხრივ, ჯერჯერობით, არაფერი არ განიხილება“ - აცხადებს მზია გიორგობიანი.

მისივე თქმით, კომპანია მომავალში, როგორც სახელმწიფოს 100%-იან წილობრივ საკუთრებაში არსებული საწარმო, ზოგადად, ერთიან ხედვაში მოექცევა.

„წყალმომარაგების კომპანია“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ბიუჯეტიდან სუბსიდირდება. ის ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც პროგრამებს და პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. კომპანია ამ დროისთვის ქვეყნის 48 ქალაქში ოპერირებს და 3 მლრდ-ის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებს ახორციელებს.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით