გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორის, ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, ანაკლიის პორტის განხორციელება ჩინელი პარტნიორების გარეშე წარმოუდგენელია.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში პროფესორი აღნიშნავს, პროექტი უნდა დასრულდეს და მნიშვნელობა არ აქვს ჩინელი, თუ ამერიკელი პარტნიორების ქვეშ მოექცევა - მთავარია, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელი არ შეეშალოს.
"ფაქტია, რომ ქვეყანამ ბაზრების დივერსიფიცირება, როგორც გამავალი, ასევე შემომავალი კუთხით მოახერხა და თუ აქამდე კონკრეტულ ქვეყნებზე ვიყავით უფრო დამოკიდებული, ახლა არეალი გაიშალა. მაგალითად, აზიის მიმართულებით საქართველოს ეკონომიკა მეტადაა დივერსიფიცირებული და ზოგადად ხაზს გავუსვამ, ისეთ პროექტებში, სადაც დასავლეთს ჩართულობა არ სურს, აუცილებლად უნდა ჩავრთოთ მოთამაშეები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობის მსურველი იქნება, მაგალითად, ჩინეთი და ამ შემთხვევაში ანაკლიის პორტს ვგულისხმობ, მით უმეტეს ტვირთმა ჩინეთის მიმართულებით და ჩინეთიდან ევროპისკენ უნდა იმოძრაოს.
ჩინეთის გარეშე აღნიშნული პროექტის განხორციელება წარმოუდგენლადაც კი მეჩვენება. თუ საქართველოში პორტი არა ჩინელების ხელში იქნება, ინტერესიც არ იქნება. საქართველოში, რაც შეიძლება მეტი ტვირთბრუნვა უნდა იყოს, რომ მეტი შემოსავალი მივიღოთ. პირობითად, პროექტი ჩინელების ოპერირების ქვეშ ინება, თუ ამერიკელების ტექნიკური მხარეა, მთავარია საქართველოს ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას და გეოპოლიტიკურ პოზიციას მნიშვნელოვნად გააძლიერებდა. კერძოდ, პორტი წარმოადგენს სტრატეგიულ დერეფანს, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, რეგიონული ჰაბი გახდეს.