დღეისათვის ქვეყანაში უკვე აშენებულია 383 კილომეტრი მაგისტრალური გზა - სულ 68 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული 2012 წლამდე საქართველოში, 2012 წლის შემდეგ აშენდა 315 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ციფრები საუკეთესოდ ხელისუფლების დამოკიდებულებას საქმისადმი.
„დღეისათვის ქვეყანაში უკვე აშენებულია 383 კილომეტრი მაგისტრალური გზა. კიდევ ერთხელ უნდა შევადაროთ ჩვენი მონაცემები წინა ხელისუფლების მონაცემებს: სულ 68 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული 2012 წლამდე საქართველოში. 2012 წლის შემდეგ აშენდა 315 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქ საქმე გვაქვს ბევრად უფრო რთულ მონაკვეთებთან, რომელთა მშენებლობა უწევს ჩვენს ხელისუფლებას და კონკრეტულად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს ციფრები საუკეთესოდ აჩვენებს სხვაობას და აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას საქმისადმი. უახლოეს მომავალში დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მთლიანი დერეფნის მშენებლობა. ეს მოიცავს მთლიან მონაკვეთს, დაწყებული წითელი ხიდიდან, დამთავრებული სარფამდე.
ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას.
ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების როლი ასეთი პროექტების განხორციელებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს, რომლის თანამონაწილეობითაც განხორციელდა ეს პროექტი. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თითოეულ მშენებელს, ინჟინერს, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და პირადად მინისტრს“, - განაცხადა პრემიერმა.