logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"2025 წლის  ბოლოსთვის, ჯამურად, სახელმწიფოს მხრიდან ₾900 მლნ-ის ფასიანი ქაღალდების ემისია იქნება მხარდაჭერილი"

"2025 წლის  ბოლოსთვის, ჯამურად, სახელმწიფოს მხრიდან ₾900 მლნ-ის ფასიანი ქაღალდების ემისია იქნება მხარდაჭერილი"

1765967586

„კაპიტალის ბაზრის რეფორმა საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ბევრი სხვა უწყების ძალიან მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ, სტრუქტურულ რეფორმას წარმოადგენს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში კერძო სექტორთან ერთად ძალიან ინტენსიურად და წარმატებით ვახორციელებთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის“ მხარდაჭერით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ მიერ 200 მლნ ლარის ობლიგაციების ემისიის ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა მოიცავს როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებას, ასევე ბიზნესის ხელშეწყობის ინსტრუმენტებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით დაინერგა. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს ფაქტორინგის, უძრავი ქონების ტრასტების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

„2025 წლის  ბოლოსთვის, ჯამურად, სახელმწიფოს მხრიდან 900 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების ემისია იქნება მხარდაჭერილი,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ბიზნესის ხელშეწყობის კიდევ ერთ ინსტრუმენტზე, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარებას შეეხება. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, 2026 წლის იანვარში მთავრობა გამოაცხადებს კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის ფონდის აქტივების მართვაზე.

“ეს იქნება კონკურსი, სადაც ჩვენ შევარჩევთ აქტივების მმართველს. ფონდის ფორმირებაში სახელმწიფო, როგორც ერთ-ერთი ინვესტორი, მიიღებს მონაწილეობას. ასევე შემუშავებული გვაქვს პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საინვესტიციო ფონდების განვითარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფად მზარდი ეკონომიკა და კერძო სექტორი, რომელსაც კაპიტალის მოზიდვაში მეტი მოქნილობა სჭირდება. მიმდინარე წლის ბოლოსთვის სავალო ფასიანი ქაღალდების აქტიური პორტფელი გადააჭარბებს 5.5 მლრდ ლარს, საიდანაც ნახევარზე მეტი კორპორაციული ობლიგაციებს უჭირავს, რაც ამ ბაზრის აქტიურ განვითარებაზე მეტყველებს,” - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ემისიის გამოშვებას ორგანიზება სწორედ არასაბანკო საბროკერო კომპანიამ გაუწია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზარზე დივერსიფიცირება ამ კუთხითაც  ხდება, რაც ხელს შეუწყობს ზრდასა და დინამიურობას.

გამოგვყევით