ანალიტიკოსებს ნავთობის საერთაშორისო ფასთან მიმართებით პესიმისტური პროგნოზები აქვთ. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი კაპიტალის“ გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა რატი კალანდარიშვილმა განუცხადა, პესიმისტურში იგულისხმება ის, რომ ნავთობის, როგორც პროდუქტის ღირებულება დაეცემა და კლებისკენ წამოვა.
„მსხვილი საინვესტიციო ბანკების ნაწილის შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, ბრენტის ტიპის ნავთობი 53 დოლარი ღირდეს. ფაქტობრივად, ანალოგიური მოლოდინია 2026 წელთან დაკავშირებითაც. მაგალითად, უმსხვილესი ამერიკული ბანკის JPMorgan-ის პროგნოზით, ნავთობის გლობალური ფასი მომავალ წელს 52-53 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც ამჟამინდელ ფასთან შედარებით, დაახლოებით, 7-დოლარიან კორექციას წარმოადგენს“, - განმარტა რატი კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, ნავთობის მკვეთრი გაუფასურების მიზეზს რაც შეეხება, JPMorgan-ის განმარტებით, მომდევნო თვეების განმავლობაში, OPEC-ის წევრ და სხვა ექსპორტიორ სახელმწიფოებს მიწოდების მკვეთრი გაზრდა აქვთ დაგეგმილი, რაც ბაზარზე ჭარბი ნავთობის მიწოდებას გამოიწვევს, ეს კი საქონლის ფასზე ნეგატიურად აისახება.
ანალიტიკოსები მიმდინარე წელსაც აჯამებენ და ამბობენ, რომ 2025 წელი საერთაშორისო სანავთობო ბირჟებისთვის, ასე თუ ისე, სტაბილური იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის გამო, წლის პირველი ნახევარი ბაზარზე მერყეობები ფიქსირდებოდა, წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა და მეტიც, ნავთობის ფასის კლების ტენდენციაც დაიწყო. დღეისათვის, ნავთობის ფასი 58 დოლარიდან - 60 დოლარის ფარგლებში მერყეობს“, - აღნიშნა რატი კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, ამჟამად, საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 59 დოლარად ივაჭრება.