logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

თბილისის ზღვის მიდამოებში ატრაქციონების ახალი პარკი გაშენდება

თბილისის ზღვის მიდამოებში ატრაქციონების ახალი პარკი გაშენდება

1772633640

დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუს“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საუბარია პროექტზე, რომელიც გულისხმობს თბილისის ზღვის არეალში ახალი გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნას. ბრიტანული კომპანია LDP,  ფონდ „ქართუსთან“ კონტრაქტის საფუძველზე, ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი.

„ატრაქციონების პარკი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ მასშტაბის პროექტი რეგიონში პირველი იქნება. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება და წამყვანი საერთაშორისო კომპანიების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია „ქართუს“ დახმარება, რადგან ჩვენ გაგვიჭირდებოდა ამ მასშტაბის კომპანიის მოძიება. დღეს თბილისში არ არის შესაძლებლობა, რომ მშობელმა ბავშვი თანამედროვე სტანდარტების მქონე მასშტაბურ გასართობ პარკში წაიყვანოს. შესაბამისად, ამ პროექტის მიმართ საზოგადოების დაინტერესება არის ძალიან დიდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ფონდ „ქართუს“ დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ ახალი სარეკრეაციო ზონა გააერთიანებს გართობის, შემეცნებისა და დასვენების ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დღეს მსოფლიოშია მიღებული.

„საუბარია თბილისის ზღვის მიდამოებში ახალი სარეკრეაციო-დასასვენებელი ზონის შექმნის თაობაზე. დაგეგმილია, რომ უახლოეს მომავალში ამ ტერიტორიაზე გაშენდება ახალი ატრაქციონების პარკი, რომელიც მოემსახურება, როგორც თბილისის მცხოვრებლებს, ისე დედაქალაქის სტუმრებს. ეს იქნება ახალი სარეკრეაციო ზონა, რომელიც დააკმაყოფილებს და თავის თავში გააერთიანებს როგორც გართობის, ისე შემეცნებისა და დასვენების ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში. ფონდი „ქართუ“ ეხმარება თბილისის მუნიციპალიტეტს პროექტირებაში. ამჟამად,  ჩვენი თაოსნობით აყვანილია კომპანია დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის კვლევებს, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით გაკეთდება დეტალური პროექტირება“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ფონდის წარმომადგენლები და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით