logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე ორი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე ორი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

1777546705

ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე ორ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. კერძოდ, ამილახვრის ქ. N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე კომბინირებული დასასვენებელი სივრცე ეწყობა. ამავე ქუჩაზე მიმდინარეობს ერთი კმ სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებაც.

ამჟამად ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, მანამდე კი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოცვალა. დაიწყო ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნის მოწესრიგებაც.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

„წყნეთში ორი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ერთია ამილახვრის ქუჩის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებით და მეორე - არსებულ ქუჩაზე მდებარე სივრცე, სადაც მოეწყობა ძალიან ლამაზი სკვერი. ტერიტორიის ფართობი, დაახლოებით, ერთი ჰექტარია. სამუშაოების ფარგლებში, განახლდება არსებული სპორტული მოედანი, დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება საპარკო ინფრასტრუქტურა და საბავშვო ატრაქციონები. რამდენიმე წლის წინ აქვე გავხსენით მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სივრცეც, რომელიც სრულად მოწესრიგდება, ძალიან ლამაზი გამოვა და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დასვენებისა და გართობისთვის. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლია და ამ ტერიტორიის მოწესრიგება, გალამაზება და განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივნისში, სკვერის რეაბილიტაცია კი სექტემბერში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, გამწვანებულ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობ მოედნებთან ერთად, მოეწყობა ორი ფიტნეს ზონა, სადაც განთავსდება ტრენაჟორები და სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის.

გარდა ამისა, დამონტაჟდება მოსასვენებელი პავილიონი, პანდუსი ეტლით მოსარგებლეთათვის, სასმელი წყლის შადრევანი, განათებისა და სარწყავი ქსელები და საქანელა სკამები. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე განთავსდება ვიდეოკამერები, მოეწყობა სავალი ბილიკები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

ორივე პროექტის ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 2 100 000 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

მიმდინარე პროექტს, თბილისის მერთან ერთად, ვაკის გამგებელი ლევან ყიფიანი, პარლამენტის დელეგატი ზურაბ რურუა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ალექსანდრე ასათიანი გაეცნენ.

გამოგვყევით