ქვეყანაში, უძრავ ქონებაზე კვლავ მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება. სექტემბრის თვის მონაცემებით, თბილისში 3,545 ბინა გაიყიდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ განუცხადა, გაყიდვების ეს მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მონაცემია. ბაზრის ზომა კი 25%-ით, 247 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
Colliers Georgia-ს ყოველთვიურ მიმოხილვაში საუბარია ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზეც, სადაც მიმდინარე წლის სექტემბერში, ასევე ტრანზაქციების ზრდა შეინიშნება, კერძოდ, წინა წლის სექტემბერთან შედარებით ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით, 1,401 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომამ კი 70 მილიონი დოლარი შეადგინა.
„ზრდის მაჩვენებლები დაფიქსირდა 2024 წლის მესამე კვარტალის მონაცემებითაც. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, ბათუმში კი - 11%-ით, თუმცა წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ჯერჯერობით კვლავ ტრანზაქციების კლება ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ როგორც ბათუმში, ისე თბილისში ახალი ბინების გაყიდვები გაიზარდა, ძველი ბინების კი - ორივე ქალაქში შემცირდა“, - აღნიშნა ლეო ჩიქავამ.
მან ფასების დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში საცხოვრებელი ფართების 2024 წლის საშუალო შეწონილი ფასი ამჟამად - 1063 დოლარია.
„უძრავ ქონებაზე ფასები განსხვავებულია ქალაქების მიხედვით. თბილისში - სექტემბრის თვის მონაცემებით, როგორც ახალი, ასევე ძველი ბინები გაძვირდა. კერძოდ, ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ხოლო ქალაქის ცენტრში 10%-ით. ფასების ანალოგიური მატება დაფიქსირდება ძველი ბინების შემთხვევაშიც. შედარებით განსხვავებული სურათია ბათუმში, აქ მხოლოდ ახალაშენებული ბინები გაძვირდა, ძველი პროექტები კი გაიაფდა. უფრო კონკრეტულად, ასევე სექტემბრის თვის მონაცემებით, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1,126 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 988 დოლარამდე შემცირდა“, - განაცხადა Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება პროგნოზებს გასაყიდი უძრავი ქონების ფასებთან მიმართებით, ლეო ჩიქავა ვარაუდობს, რომ გაზრდილი მიწოდების გამო, 2025 წლიდან უძრავი ქონების გასაყიდი ფასები მეტად აღარ გაიზრდება და დასტაბილურდება, მეტიც - შეიძლება მცირედი კლებაც დაფიქსირდეს.
ცნობისთვის, უძრავი ქონების ფასებს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მშენებლობის ინდექსიც განსაზღვრავს. საქსტატის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მშენებლობა გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 აგვისტოში მშენებლობა წლიურად თითქმის 8%-ით გაძვირდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასის თითქმის 30%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების გაძვირებით.