2026 წლის თებერვლიდან, კომპანია "კერკი" "მშრალი ხილის" კონცეფციით როგორც პროდუქტის ასორტიმენტის, ისე გაყიდვების არხების გაფართოებას გეგმავს. კომპანიის გეგმებში ასევე, შედის ადგილობრივი მცირე საწარმოებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ხატია ბერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, კომპანიას ექნება სტრატეგია, რომელიც ერთდროულად გააძლიერებს საკუთარ გაყიდვების არხებს და მცირე საწარმოებისთვის სტაბილურ პარტნიორობას შექმნის.
"2026 წელა ისევ ადგილობრივ ბაზარზე გავფართოვდებით. ექსპორტის მიმართულებით გვქონდა გარკვეული პრაქტიკა, თუმცა, რაც ამ დრომდე ჩვენი გამოცდილებით გაირკვა, ქართულ მშრალ ხილს, თუნდაც ჩურჩხელას, ხურმას, მანდარინის ჩიფსს, სნექს, ვაშლის ჩირს და ა.შ. საქართველოში სტუმრად მყოფი უცხოელი ვიზიტორები უფრო ხშირად და ბევრს ყიდულობენ, ვიდრე სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო ქსელებში, იმავე ქვეყნების მოქალაქეები.
2026 წლის თებერვლიდან "კერკი" შექმნის გაყიდვების ინფრასტრუქტურას სავაჭრო მოლებში. ასევე, ბრენდი 2026 წელს ხილის გამოშრობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი მცირე საწარმოების და საოჯახო მეურნეობებისთვის პროდუქტების გაყიდვების მხარდამჭერი გახდება. მოგეხსენებათ, მცირე საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს ძალიან უჭირთ სავაჭრო ქსელებში შესვლა, საკომისიოების გადახდა, ბრენდინგი, მარკეტინგი, პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო საბრუნავი რესურსის მოძიება და ა.შ. "კერკი" ერთის მხრივ გააძლიერებს და გააფართოებს თავისი გაყიდვების არხებს და მეორეს მხრივ, მცირე საწარმოების და საოჯახო მეურნეობებისთვის გახდება სტაბილური პარტნიორი. "კერკის" ბრენდით "მშრალი ხილის" მიმართულება 2026 წლიდან ნელ-ნელა ასობით სავაჭრო ობიექტში გამოჩნდება და მომხმარებლებს დიდ ასორტიმენტს შესთავაზებს",- აცხადებს ხატია ბერიძე.
ცნობისთვის, "კერკი" ქართული ბრენდია, რომელიც მშრალ ხილს 2021 წლიდან აწარმოებს. კომპანია ფლობს მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოს მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში. საწარმო ქმნის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ პროდუქტებს. ამასთან, "კერკის" საწარმოში დანერგილია ISO22000 და FDA-ის სურსათის უვნებლობის სტანდარტები. აღსანიშნავია, რომ "კერკი" ძველქართული სიტყვაა და მზეზე გამომშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს, ხოლო ბრენდის კონცეფცია და ვიზუალური ხასიათი ქართული ანბანით არის შთაგონებული.