logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ადგილობრივ ბაზარზე ახალი ბიოღვინო - "ნაჟური" გამოჩნდა

ადგილობრივ ბაზარზე ახალი ბიოღვინო - "ნაჟური" გამოჩნდა, რომელსაც საოჯახო მარანი "უსახელო" აწარმოებს. საოჯახო მარნის დამფუძნებელმა, გოგი კუპატაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ღვინო "ნაჟური" ლეჩხუმში, სოფელ უსახელოში იწარმოება.

მისივე ინფორმაციით, ღვინო ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და პრემიუმ კატეგორიის ადგილი დაიკავა. 

"ჩვენს მეურნეობაში, რომელიც 7000 კვ.მ-ზეა გაშენებული, სასუქები და პესტიციდები არ გამოიყენება. ყველაფერს, რაც ვაზს სჭირდება ლეჩხუმის მიწა აძლევს. ბიოდინამიური წესით დაყენებული ღვინო პრემიუმ კატეგორიაში გადის და ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა ცნობადობის ზრდის პარალელურად გაიზრდება. ამჟამად, 2 დასახელების ღვინო გვაქვს. მათ შორის, არის ცოლიკაური და ოჯალეში. 1 ბოთლის ღირებულება ამ ეტაპზე 47 ლარია", - აცხადებს გოგი კუპატაძე.

"ნაჟური" ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის მაღაზიებში იყიდება. მარანი სამომავლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისებასა და გრძელვადიან პერიოდში საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს. 

გოგი კუპატაძის თქმით, მარნის ტერიტორიაზე, სადაც ვენახია გაშენებული ვიზიტორებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ ღვინის დეგუსტაცია და ასევე, შეძენა. 

ცნობისთვის, საოჯახო მარანი "უსახელო" ლეჩხუმში, სოფელ უსახელოში მდებარეობს. მარნის დამფუძნებელმა ვენახი რამდენიმე წლის წინ გააშენა. ღვინის გარდა, გოგი კაპანაძეს ვაზის ჯიშები გამოყავს, ყიდის და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიმართულებით მოთხოვნა მზარდია. 

გამოგვყევით