წინა წელთან შედარებით, ახალი წლის პერიოდში, გაყიდვების 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ "შოკოტელას" დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მომხმარებლების 60%-ზე მეტს კორპორატიული სეგმენტი შეადგენდა, ხოლო დანარჩენი წილი საცალო გაყიდვებს ეკავა.
"ზოგადად 2025 წელი 60%-იანი ზრდით დავხურეთ. ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი კი სასაჩუქრე ბოქსებია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აქტუალურობას არ კარგავს დუბაის შოკოლადის ფილა.
მომხმარებლების 50% პროდუქციის შეძენას ფიზიკურ მაღაზიებში არჩევენ, ხოლო 50% ონლაინ გაყიდვების პლატფორმებს იყენებს”, - აცხადებს მარიამ კაპანაძე.
მანვე ასევე, კომპანიის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "შოკოტელა" თებერვალში ახალ ფილიალს საბურთალოზე გახსნის. გარდა ამისა, კომპანიის გეგმებში ახალი საწარმოს მშენებლობაა, რისთვისაც ამჟამად, ლოკაციის მოძებნა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.