ალუბლის წვენის წარმადობა მოსავლის დეფიციტის გამო შევამცირეთ, - ამის შესახებ "ალალის" წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის" დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიას სურდა აღნიშნული ხილის იმპორტი განეხორციელებინა, თუმცა სხვა ბაზრებზეც ანალოგიური მდგომარეობა იყო.
"ბაზარზე ხილის სერიოზული დეფიციტია. მაგალითად, წელს ალუბალი ძალიან მცირე რაოდენობით ჩავიბარეთ, რადგან ფასიც კატასტროფული იყო და ხილი ფიზიკურად არც იშოვებოდა. აღსანიშნავია, რომ ხილის დეფიციტი წელს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც იყო. მაგალითად, თურქეთში ძალიან მაღალი ფასი დაფიქსირდა.
იგივე სიტუაციაა მაყვალზე - ბაღები იჩეხება, თუმცა რაღაც მარაგები შევავსეთ და ამ მიმართულებით უფრო არ გვექნება დეფიციტი. მოკლედ რომ ვთქვათ, ზოგიერთი ხილი - მაგალითად, ატამი და ვაშლი ბაზარზე არის მაგრამ გაზრდილი ფასებით. რაღაცნაირად ვუმკლავდებით და პროდუქციის ფასებს ვერ ვზრდით", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.
ხილის დეფიციტზე "ბიზნესპარტნიორთან" ასევე, კომპანია "კულას" დამფუძნებელი ვანო გოგლიძემ ისაუბრა. ხილის იმპორტზე დეფიციტის მიუხედავად აღნიშნული კომპანიაც უარს ამბობს.
"კულას" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარს იმპორტით, მხოლოდ და მხოლოდ, გამოუვალ სიტუაციაში ჩაანაცვლებს.