logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ავტოდილერებს საქართველოში მანქანების რეალიზაციის პრობლემა აქვთ

ავტოდილერებს მანქანების რეალიზაციის პრობლემა აქვთ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძემ განუცხადა, ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე გაცილებით იაფი ჯდება მანქანის შეძენა, ვიდრე აშშ-დან ან ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ჩამოყვანა, ვინაიდან საქართველოში საავტომობილო პროფიციტია და ავტოდილერები იძულებულები არიან მანქანები იაფად გაყიდონ.

ქართულ ბაზარზე ჭარბი რაოდენობით შემოყვანილი გასაყიდი მანქანებია, რის გამოც, მოთხოვნა მიწოდებას ბევრად ჩამორჩება. შემცირებული გაყიდვებიდან გამომდინარე, უამრავი დილერი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და მათი ნაწილი ამ ბიზნესიდან გასვლასაც კი გეგმავს“, - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

მისივე ინფორმაციით, წინა წელს 60 ათასი ერთეულით მეტი ავტომობილი შემოვიდა საქართველოში, ვიდრე ბაზარს სჭირდებოდა და სწორედ ამის შედეგად, ავტოიმპორტიორები კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. ნონიაძის განმარტებით, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის დარღვევის გამო, დილერები იძულებული გახდნენ ავტომობილებზე ფასები მნიშვნელოვნად შეემცირებინათ.

„მათ უმეტესობას უწევს ჩამოყვანილი მანქანები არათუ თვითღირებულებით, არამედ, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში გაყიდოს, რადგან, თვეებია ჩამოყვანილი ჰყავთ მანქანები და რეალიზაციას ვერ ახდენენ. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ავტომობილების იმპორტის მაჩვენებლებშიც კლება ფიქსირდება“, - განაცხადა ნონიაძემ.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, საქართველომ, დაახლოებით, 967 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი ჩამოიყვანა, რაც 23%-ით შემცირებული მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ის რომ, ბოლო დროს, ქვეყანაში ავტომობილები გაიაფებულია, ადასტურებენ ავტოიმპორტიორ მსხვილ კომპანიებშიც. აქ ამბობენ, რომ ფასები 10-15%-ით არის დაწეული. თუმცა, ელიან, რომ ზაფხულში საავტომობილო პროფიციტი აღმოიფხვრება და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა - მიწოდება დაბალანსდება.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის გარდა, ექსპორტის ტემპიც შენელებულია. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ამის მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ქართველი დილერების უცხოელ პარტნიორებს, შუალედური რგოლი უკვე აღარ სჭირდებათ და ქართულ ავტობაზრობებზე აღარ შემოდიან. მათ თვითონვე ჩამოჰყავთ და გაჰყავთ ავტომობილები ქართული პორტებიდან. ან, თუ მაინც გადაწყვეტენ, რომ ქართველ ავტოდილერთან ითანამშრომლონ, ბაზარზე არსებული ჭარბი მიწოდების გამო, მას იძულებულს ხდიან მანქანა საკმაოდ დაბალ ფასში გაყიდოს.

რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, აქ ამბობენ, რომ საქართველოს რეგიონალური საავტომობილო ჰაბის სტატუსი აქვს და აქედან, ავტომობილების ექსპორტზე მოთხოვნა, მაინც წლიდან წლამდე მაღალია. აქედან გამომდინარე, ელოდებიან, რომ ზაფხულიდან საექსპორტო ბაზრები კვლავ გააქტიურდება და წლიურ ჭრილში, მაინც ზრდის მაჩვენებლებზე გავლენ. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით მანქანები შუა აზიურ ბაზრებზე - ყირგიზეთსა და ყაზახეთში, ასევე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანსა და სომხეთში იყიდება.

2024 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან, საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 739 მლნ დოლარით. თუმცა, მიუხედავად პირველ პოზიციაზე ყოფნისა, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირებული მონაცემია.

გადაცემები

გამოგვყევით