logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ავტომობილების საშუალო ფასი $10 000-ით გაიზარდა - ალექსი ნონიაძე

„ბოლო წლებში, ავტომობილების საშუალო ფასი 10 000 დოლარით გაიზარდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას  "ავტოიმპორტიორთა ასოციაციის"  თავმჯდომარე   ალექსი ნონიაძემ  განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე  საავტომობილო პროფიციტია,  რის გამოც ავტოდილერები იძულებულები არიან, მანქანები თვითღირებულებით, ან თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში გაყიდონ. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილების საშუალო ღირებულება შემცირდა.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში ყიდის დილერი და წაგებაზე მიდის, ეს არ ნიშნავს, რომ მანქანები გაიაფდა. მყიდველისთვის ფასები არ შეცვლილა და ის ისევ მაღალია. მარტივად რომ აგიხსნათ -  პირობითად დილერმა თუ გასწია 11 000 დოლარის ხარჯი და მანქანას ყიდის 10 000 დოლარად, უკვე 1000 დოლარით ზარალობს, მაგრამ, მყიდველისთვის არაფერი იცვლება. მაგალითისთვის, თუ წინა წლებში, კერძოდ, 2-3 წლის წინ ავტომობილების საშუალო ღირებულება საქართველოში 9 000 დოლარი იყო, ახლა მისი ფასი  19 000 დოლარია. დაახლოებით, 10 000 დოლარითაა გაზრდილი მანქანების საშუალო ფასი“, - განმარტავს "ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" თავმჯდომარე.

ალექსი ნონიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს ბიუჯეტში ავტომობილების განბაჟებიდან შემოსავლის შემცირების საკითხზეც საუბრობს. მისი თქმით, ეს პირდაპირ კავშირშია, ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის შემცირებასთან.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით ამ საკითხებზე, კომენტარები იყო სოციალურ ქსელში, რომ ჩვენი ასოციაციის პროგნოზები იყო გადამეტებული. ჩვენ გვქონდა იმაზე საუბარი, რომ თუ ეს ბიზნესი შემცირდებოდა,ასევე დაიკლებდა ბიუჯეტის შემოსავლებიც.  თუნდაც იმიტომ, რომ ელემენტარულად, ამ დარგში სულ მცირე 26-30 ათასი ადამიანია ჩართული და მათი შემოსავლების შემცირება, ბუნებრივია, გარკვეულწილად სხვა მიმართულებებითაც მსყიდველობით უნარიანობას შეამცირებს“, - განმარტა ალექსი ნონიაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის პირველ 5 თვეში, საქართველოს ბიუჯეტში ავტომობილების განბაჟებიდან 114 მილიონი ლარი შევიდა და ეს თანხა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით ნაკლებია - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 5 თვის ანგარიშიდან ირკვევა. როგორც ცნობილია, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ავტომობილების განბაჟების საფასური დამოკიდებულია მის გამოშვების წელზე, ძრავის მოცულობასა და მის ტიპზე. ამასთან, 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილებისთვის განაკვეთი 60%-ით მცირდება, ხოლო ელექტრომობილები განბაჟების გადასახადისგან გათავისუფლებული არიან.

ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები ბიუჯეტში, ავტომობილების განბაჟებიდან მიღებული შემოსავლის კლების სავარაუდო მიზეზად, ქვეყანაში ავტოიმპორტის კლებას ასახელებენ. 2024 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, საქართველომ დაახლოებით 967 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი ჩამოიყვანა, რაც 23%-ით შემცირებული მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან, საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 739 მლნ დოლარით. თუმცა, მიუხედავად პირველ პოზიციაზე ყოფნისა, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირებული მონაცემია.

გამოგვყევით