ბიზნესში ძალიან ევროპული გარემო გვაქვს და ამას ევროპელი, დასავლელი პარტნიორები ხშირად აღნიშნავენ, - ამის შესახებ "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ნინა კობახიძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა.
მისივე შეფასებით, დღეს საქართველოში ისეთი დონის კომპანიები ოპერირებენ, რომ არავითარ შემთხვევაში, არც ერთი წამით არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ საქართველოს სვლა სხვა (არაევროპული) მიმართულებით მიდის.
"2012 წლის შემდეგ არჩევნებში ასეთი მასშტაბის ჩართულობა არ ყოფილა და ეს ერთის მხრივ არის ლეგიტიმაცია გამარჯვებული მხარისთვის და მეორეს მხრივ, დასაფიქრებელი საკითხიც, რადგან ჯამურ მაჩვენებლებში დიდი სხვაობა არ არის. ბიზნესისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო როგორც არჩევნების დღეს, ისე არჩევნების შემდეგ. საქართველო არც ერთ შემთხვევაში რისკის ზონაში არ უნდა აღმოჩნდეს და არ უნდა მოხდეს იმ განვითარების გეზიდან გადახვევა, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვებულიც და დამარცხებულიც გონივრულად გადადგამს ნაბიჯებს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წინსვლა რისკის ქვეშ არ დადგეს. ეს მოლოდინი გვაქვს ბიზნესს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, არ უნდა შევაჩეროთ ის ეკონომიკური განვითარება, რომელშიც მართლაც საოცარი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამარჯვებული მხარისგანაც ველოდებით იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ქვეყანას ევროპისკენ წაიყვანს.
სექტორში და არა მხოლოდ სექტორში არც ერთი წამით არ მიგრძვნია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ კურსს გადაუხვია. ისეთი კანონები, რომლებსაც ასოცირება მოიცავდა, უკვე მზად არის და მთავრობაზე თითქმის გასული პროცესია. ეს სწორედ იმ მიზნისთვის კეთდება, რომ ასოცირების ჩარჩოდან არ ამოვარდეთ და ყველა რეგულაცია დავაკმაყოფილოთ, რომელიც 2013-2014 წლებში ავიღეთ.
ნურავის ექნება განცდა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ევროპისკენ სვლა კითხვის ნიშნის ქვეშ აქვს დაყენებული. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი სრული სვლით განაგრძობს ამ კანონების მიღებას. გამარჯვებული გუნდის მიმართაც, რა თქმა უნდა, გვაქვს თხოვნა, რომ რაც შეიძლება მალე მოახდინონ ურთიერთობების გადატვირთვა და ქვეყანამ სტატუსის შემდგომი პაკეტი მალე მიიღოს", - აცხადებს ნინა კობახიძე.
ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. მეორე ადგილზეა "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო. "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" - 10.161% (210 787 ხმა) მოიპოვა, "ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 8.814 % (182 839 ხმა) აქვს, პარტიას "გახარია საქართველოსთვის" კი - 7.771% (161 215 ხმა).