ევროპიდან საქართველოს მიმართულებით საბორნე მიმოსვლაზე მოთხოვნა იზრდება. E60 Shipping Line -ის 2 სატვირთო ბორანს, რომელიც ამჟამად, ფოთიდან კონსტანცას მიმართულებით დადის, მალე მესამე ბორანიც დაემატება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიშა ბაბუნაშვილმა განუცხადა, გადაზიდული ტვირთების რაოდენობა ფოთი-კონსტანცას მარშრუტზე თვიდან თვემდე მზარდია, რის გამოც, მესამე ბორნის დამატება გადაწყვიტეს.
„ახლა, შესაბამისი გემის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც იქნება უფრო მაღალი კლასის და მომესახურება როგორც ტვირთებს, ისე მგზავრებს. 1 თვეში გადაწყდება, ეს ბორანი ფოთი-კონსტანცას ხაზზე ივლის, თუ ბათუმიდან დაიწყებს ოპერირებას“, - აღნიშნა მიშა ბაბუნაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, E60 Shipping Line უახლოეს მომავალში ახალი მარშრუტების დამატებასაც განიხილავს, სხვა ევროპული პორტების მიმართულებით.
ზოგადად, ევროპასთან საბორნე მიმოსვლის გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობენ სხვა ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებშიც და აღნიშნავენ, რომ საქართველომ ამ კუთხით არსებული პოტენციალი სრულად უნდა გამოიყენოს, რადგან ეს მნიშვნელოვანია ევროპულ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოდან საბორნე მიმოსვლა მხოლოდ ბულგარეთის და რუმინეთის მიმართულებით ხორციელდება. უშუალოდ, ფოთი-კონსტანცას ხაზი შედარებით ახალია. ამჟამად, ფოთიდან ბორნის დატვირთულობა 80%-ია, კონსტანცადან კი - 100%.
საქართველოდან ექსპორტის წახალისების და ბორნის დატვირთულობის 100 პროცენტამდე გაზრდის მიზნით, მიმდინარე ზაფხულს, E60 Shipping Line-მა უშუალოდ ფოთიდან კონსტანცაში ტვირთის გადაზიდვის ღირებულება 20%-ით შეამცირა.