logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

გვსურს მეტი ქართული პროდუქტი შევქმნათ და მაქსიმალურად შევამციროთ იმპორტი - "ნოვა"

გვსურს მეტი ქართული პროდუქტი შევქმნათ და თუ ვერ გავზრდით ექსპორტს - მაქსიმალურად შევამციროთ იმპორტი იმ პროდუქტებზე, რომლის წარმოებაც ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია, - ამის შესახებ სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიისთვის წარმოების ნაწილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია და ამ მიმართულებით "ნოვა" ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებს.

რაც შეეხება პროდუქციაზე მოთხოვნას - როგორც ედიშერ ხიმშიაშვილი აცხადებს, კომპანიას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივი თვალსაზრისით, 7-8%-იანი ზრდა აქვს, რაც "ნოვას" მასშტაბის კომპანიისთვის საკმაოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს.

"პირველი ნახევარი წელი საკმაოდ დაპაუზებული იყო და ამის მიზეზი რამდენიმეა. მათ შორის, ჩვენს სექტორზე საკმაოდ მოქმედებს ბუნებრივი, კლიმატური მოვლენები და ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან გაჩერებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც სამთავრობო ცვლილებითა და სტრუქტურული გადალაგებით იყო გამოწვეული. გარდა ამისა, დაპაუზების მიზეზი ვფიქრობთ იყო ისიც, რომ საზოგადოება მოლოდინის რეჟიმში იყო რა გადაწყვეტილება მიეღო და ძირითადად, თავს იკავებდნენ დამატებით ინვესტირებისგან. მიუხედავად ამისა, წინა წლის პერიოდთან შედარებით ჩამორჩენა არ გვქონია. კერძოდ, რაოდენობრივი თვალსაზრისით ზრდა გვქონდა, თუმცა თანხობრივად ეს 1-2%-ში იყო გამოხატული. ეს გამოწვეული იყო იმ ფაქტორით, რომ ჩვენი ძირითადი მასალა შეადგენს მეტალს, რაზედაც ფასები 20%-მდე შემცირდა, რამაც გამოიწვია ის, რომ უფრო მეტი პროდუქტი გავყიდეთ, მაგრამ ეს არ გამოიხატა თანხებში, რადგან გაიაფებული იყო. 

მოთხოვნის თვალსაზრისით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც არსებობდა ცუდი არ იყო, თუმცა კარგსაც ვერ დავარქმევდით, რადგან უფრო დიდი ზრდის მოლოდინი იყო. აღსანიშნავია, რომ გაცილებით გამოსწორდა სიტუაცია წლის მეორე ნახევარში, რადგან მათ შორის, ამუშავდა სახელმწიფო პროგრამები და ქვეყანაშიც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა მდგომარეობა. 

რაც შეეხება გეგმებს - მუდმივად ორიენტირებულები ვართ წარმოების განვითარებაზე და მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციებს. ეს გამოხატულია როგორც ახალი მიმართულების დამატებაში, ასევე არსებულის გაძლიერებაში. 2024 წელში დავიწყეთ ინვესტირება და დავამატეთ ხაზები, მათ შორის, შავი მეტალის მილების. ასევე, სახურავებისა და  ავზების მიმართულებით, რაც საკმაოდ დიდი ინვესტიცია იყო - ამ ყველაფერმა 2 მლნ-ზე მეტი ლარი შეადგინა. წარმოებაში ეს არ არის პატარა ინვესტიცია", - აცხადებს ედიშერ ხიმშიაშვილი.

ცნობისთვის, "ნოვას" 8 საკუთარი ფილიალი და 2 ფრენჩაიზი აქვს. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია - „ნოვა“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა:  NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI;  SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS;  INGCO; BIEN.

გამოგვყევით