logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჰერბია" მწვანილისა და ბოსტნეულის წარმოებას აფართოებს - კომპანიამ HoReCa სექტორის მომარაგება დაიწყო

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია "ჰერბია", ადგილობრივ ბაზარზე მზარდი მოთხოვნის გამო, წარმოებას აფართოებს. 

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი დავით ჯანელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია და დაახლოებით, 2 თვის წინ "ჰერბიამ" HoReCa სექტორის მომარაგებაც აქტიურად დაიწყო.

„წინა წელს ჩვენი გაყიდვები თითქმის გაორმაგდა, ხოლო მიმდინარე წელს 50%-იან ზრდას ველოდებით. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ წარმოების გაზრდას — დაგვემატება 1 ჰექტარი სასათბურე მეურნეობა და ამ გაფართოებაში დაახლოებით, 1 მილიონ ლარს დავხარჯავთ. ამასთან, ვგეგმავთ, რომ HoReCa სექტორის მიმართულებით უფრო მეტად გავაქტიურდეთ.

ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი აქცენტი ადგილობრივ ბაზარზეა. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ სრულად დაკმაყოფილებასაც კი ვერ ვასწრებთ. ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 95% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 5% ექსპორტზე - მათ შორის, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში. მოთხოვნა უცხოეთიდან მაღალია, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი ჯერ ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალური მომარაგებაა“, – განმარტავს დავით ჯანელიძე.

აღნიშნულის გარდა, ცოტა ხნის წინ კომპანიამ ონლაინ გაყიდვების კუთხით ახალი მიმართულება - Herbiadelivery.ge დაამატა. როგორც "ჰერბიას" თანადამფუძნებელი აცხადებს, ონლაინ გაყიდვები თანდათან იზრდება და ამ ინიციატივამ გაამართლა. გარდა ამისა, 2023 წელს „ჰერბიამ“ ბაზარზე ახალი პროდუქტი დაჭრილი მწვანილები და სალათის ფურცლების მიქსი წარმოადგინა, რაც როგორც დავით ჯანელიძე აღნიშნავს, საცალო ქსელებში და ასევე, HoReCa სექტორში დაინტერესებას იწვევს.

ცნობისთვის, ''ჰერბიას" მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია  30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

გამოგვყევით