„Trump Trump organization-ის შემოსვლა და ამხელა პროექტის დაწყება დიდი სიგნალია, რომ მიიზიდოს მსოფლიო ინვესტორები, რომლებიც განახორციელებენ ინვესტიციას უძრავ ქონებაში, რაც პირდაპირ აისახება თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია "არქის" დამფუძნებელმა ილია წულაიამ ღამის „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით Trump Tower-ი ხმამაღალი სიგნალია იმისა, რომ საქართველო ძალიან კარგი ადგილია, როგორც უძრავი ქონების პროექტების განსახორციელებლად, ასევე მათში ინვესტირებისთვის.
„როდესაც "არქი" პროექტებს ახორციელებს, ყოველთვის, საშუალოდ, პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე გვაქვს 30%-50%-იანი ღირებულების ზრდა და თითოეული ჩვენი მომხმარებელი ამით არის კმაყოფილი, მოგებული. ზოგი ყიდულობს საცხოვრებლად, მაგრამ დიდი ნაწილი ყიდულობს საინვესტიციოდ და ინვესტიციის თვალსაზრისითაც უკვე ეს არის მომგებიანი ინვესტიცია. როდესაც ისეთი ბრენდი როცა შემოდის საქართველოში, როგორიც Trump Tower-ია, რომელიც არის უდიდესი სიგნალი მსოფლიო ინვესტორებისთვის - ეს ღირებულების ზრდა და უძრავ ქონებაში ინვესტირება კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება,"-აცხადებს წულაია.
"არქის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მყიდველები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე უცხოელი ინვესტორები იქნებიან, რაც ქვეყანაში მაღალმსყიდველუნარიანი ვიზიტორების შემოსვლას ნიშნავს.
„რაც უფრო მეტი დიდი ბრენდი შემოდის, მით უფრო მეტი ტურისტი და ინვესტიცია შემოდის. ის ადამიანი ვინც Trump Tower-ში იყიდის ბინას - ჩამოდის, ფულს ხარჯავს საქართველოში, სასტუმროს ქირაობს ამიტომ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ინვესტიციის განხორციელებასთან ერთად ტურიზმის სექტორსაც მნიშვნელოვნად ეხმარება. ასევე, მოგეხსენებათ, "ლაქშერი" სასტუმროებს არავინ აშენებს, თუ იქვე ბრენდული რეზიდენციები არ გააკეთა - ამ ბრენდულ რეზიდენციებს კი ყიდულობენ ინვესტორები და შესაბამისად შესაძლოა მათ წელიწადში 2-3 კვირა საქართველოში გაატარონ და ეს არის მაღალმხარჯველუნარიანი ხალხი, რაც თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე და ეკონომიკაზე ნაწილდება“, - განაცხადა ილია წულაიამ.
რაც შეეხება ფასებს, "არქის" დირექტორის განცხადებით, ეს ინფორმაცია პროექტის დაწყების შემდგომ გახდება ცნობილი. თუმცა, ილია წულაიას შეფასებით, Trump Tower-ი ვიზუალურად და ხარისხობრივად უმაღლესი დონის შენობა იქნება, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
Trump organization-მა ახალი პროექტის, Trump Tower Tbilisi-ს შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.