მცდარია კომისიის დასკვნა, რომ საქართველოში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე „მაგთიკომი“ ფლობს ერთპიროვნულ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას. პროექტით გათვალისწინებული "დასკვნა"/"მიგნებები", არის კომისიის სურვილი მიზანმიმართულად და არამართლზომიერად ზიანი მიადგეს მხოლოდ შპს "მაგთიკომს" - ასე ეხმაურება კომპანია „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგებს და მოსალოდნელ ვალდებულებებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიამ აცნობა, ამის შესახებ დეტალური წერილი და საკონსულტაციო კომპანიების შესაბამისი დასკვნები მარეგულირებელს 10 აპრილს გადაუგზავნა.
გთავაზობთ „მაგთიკომის“ პოზიციას, რომელიც, კომპანიის განმარტებით, კომისიის დასკვნას და იმ ვალდებულებებს ეხება, რომელიც შესაძლოა, კომპანიას დაეკისროს.
„1) პროექტი აცდენილია და არ ასახავს ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას;
2) პროექტის მიხედვით არ არის გამიჯნული და შესაბამისად არ დასტურდება რა არის ევროკავშირის ექსპერტების ან კომისიის დამოუკიდებელი ან ერთობლივი დასკვნა/დასკვნები;
3) პროექტი არ ასახავს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ რეალობას და არ ითვალისწინებს შესაძლო რისკებს;
4) მცდარია პროექტით გათვალისწინებული დასკვნა, რომ საქართველოში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარი განიცდის სტაგნაციას და არ ვითარდება;
5) მცდარია პროექტით გათვალისწინებული დასკვნა, რომ საქართველოში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარი არაკონკურენტუნარიანია;
6) მცდარია პროექტით გათვალისწინებული დასკვნა, რომ საქართველოში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არ არსებობს მრავალფეროვანი არჩევანი, შეთავაზებები;
7) მცდარია პროექტით გათვალისწინებული დასკვნა, რომ საქართველოში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ფასები ძვირია;
8) მცდარია პროექტით გათვალისწინებული დასკვნა, რომ საქართველოში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირები არ არიან მიდრეკილი ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებისკენ. ასევე, მცდარია მოსაზრება რომ 5G დაგვიანდა ოპერატორების ბრალეულობით, როცა ამის მიზეზი რეალურად თავად კომისიის ქმედებებია;
9) მცდარია პროექტით გათვალისწინებული დასკვნა, რომ საქართველოში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე მაგთიკომი ფლობს ერთპიროვნულ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას. პროექტით გათვალისწინებული "დასკვნა"/"მიგნებები", არის კომისიის სურვილი მიზანმიმართულად და არამართლზომიერად ზიანი მიადგეს მხოლოდ შპს "მაგთიკომს". ასევე, შერჩეული სპეციფიკური ვალდებულებები არის არაპროპორციული და ვერ უზრუნველყოფს კომისიის მიერ აღწერილი "პრობლემების" აღმოფხვრას“ - აღნიშნულია წერილში.
ამასთან, დოკუმენტში დართულია დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიების - KPMG-ის და BDO კონსალტინგისა და Kalba International, Inc.-ის შეფასებები კომისიის მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის ანალიზთან დაკავშირებით.
კომპანიის მიერ გაგზავნილ წერილსა და საკონსულტაციო კომპანიების დასკვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარი განიცდის სტაგნაციას და არაკონკურენტულია, ვინაიდან „მაგთიკომი“ მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობს როგორც ბაზრის წილების, ასევე აბონენტების და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რაც ზრდის ბაზარზე შესვლის ბარიერებს და აფერხებს კონკურენციას, აღნიშნული კი თავის მხრივ, მომხმარებლებისთვის შემზღუდველ გარემოს ქმნის.
კომისია ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ჩატარებულ კვლევას იშველიებს და ამბობს, რომ იმისთვის, რათა არსებული პრობლემები აღმოიფხვრას, „მაგთიკომს“ უნდა განესაზღვროს სპეციფიკური ვალდებულებები, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საკუთარ ინფრასტრუქტურაზე ყველა მსურველი ოპერატორი უნდა დაუშვას, ამასთან, ამ და სხვა ვალდებულებების შედეგად, მისი ბაზრის წილი 40%-ს უნდა ჩამოცდეს.