logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მაგთიკომს" სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისრება

კომუნიკაციების კომისია "მაგთიკომისთვის" სამი სხვადასხვა ვალდებულების დაკისრებას განიხილავს. კომისიამ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კომუნიკაციების ბაზარი სტაგნაციას განიცდის, არ არის კონკურენტული გარემო და დინამიკურობა დაბალია.

ვალდებულებები, რომელიც შესაძლოა "მაგთიკომს" დაეკისროს, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს. მათ შორისაა ეროვნული როუმინგი, რაც გულისხმობს იმას, რომ "მაგთიკომმა" მსურველ ოპერატორებს, რომელთაც ქვეყნის სხვადასხვა წერტილში არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაფარვა, ანაზღაურების სანაცვლოდ, შეძლონ "მაგთიკომის" ქსელით სარგებლობა.

მეორე ვალდებულებაა MVNO სავალდებულო დაშვებაა - ამ შემთხვევაში, იმ კომპანიებს, რომელთაც ქსელი საერთოდ არ გააჩნიათ და ვირტუალური ოპერატორები არიან, ჰქონდეთ საშუალება შემოვიდნენ მობილურ ბაზარზე და საფასურის სანაცვლოდ შეძლონ "მაგთიკომის" ქსელზე დაშვება.

მესამეა თანალოკაციის ვალდებულება, როდესაც სხვა მობილური სერვისების პროვაიდერს შეუძლია საკუთარი სერვისის ხარისხის გასაზრდელად საკუთარი ქსელური ინფრასტრუქტურა და გადამრთველები განათავსოს "მაგთიკომის" საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.

კომისიის აზრით, ეს ვალდებულებები გააუმჯობესებს კონკურენციას, მისცემს სხვა ოპერატორებს შესაძლებლობას შევიდნენ ბაზარზე ბარიერების გარეშე, გააუმჯობესონ საკუთარი სერვისების ხარისხი, რაც საბოლოო მომხმარებელზე პოზიტიურად აისახება.

ასევე, არსებობს სხვა სპეციფიკური ვალდებულებებიც "მაგთიკომისთვის". მათ შორის ის, რომ მან უნდა გამოაქვეყნოს მეტი გამჭვირვალობისთვის მოწვევის ოფერტა დეტალური კომერციული პირობებით დაშვების მსურველი სხვადასხვა ოპერატორებისთვის და ყველა მათგანს შესთავაზოს არადისკრიმინაციული პირობები. ასევე, მან კომუნიკაციების კომისიაში უნდა წარადგინოს აღრიცხვა, ხარჯები, რათა კერძო სუბსიდიების ხარჯზე არ აიძულოს კონკურენტი გავიდეს ბაზრიდან. ასეთია ის ძირითადი ვალდებულებები, რომელსაც კომისია ზეპირ მოსმენაზე განიხილავს და სავარაუდოდ, დაამტკიცებს კიდეც.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ განაცხადა, კომისიის და ევროკავშირის ექსპერტების კვლევამ აჩვენა, რომ ბაზარი არაკონკურენტულია, ჩაკეტილი და ჩარევის გარეშე არ არსებობს რაიმე ინდიკატორი იმისა, რომ ვითარება შეიცვლება.

კომისიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, ბაზრის საერთო მოცულობა წლიურად 800 მლნ-ია. ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების სამი ოპერატორიდან ყველაზე დიდი წილი "მაგთიკომზე" მოდის - ეს არის აბონენტების 42 პროცენტი და ასევე, ბაზრის მთლიანი შემოსავლების 49%, რაც ComCom-ის  შეფასებით, მნიშვნელოვანი უპირატესობაა სხვა აბონენტებთან შედარებით. მთლიანობაში კი, ბაზარს წესებს, კომისიის შეფასებით, სწორედ "მაგთიკომი"  კარნახობს.

გამოგვყევით