რაჭაში, სოფელ თლუღში მდებარე კოტეჯები "კიდობანა" ფართოვდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "კიდობანას" დამფუძნებელი, დავით გვენცაძე აღნიშნავს, ამჟამად, ადგილზე 2 კოტეჯი ფუნქციონირებს, ხოლო შემოდგომაზე 1 კოტეჯი დაემატება.
დავით გვენცაძის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 70 000 ლარამდე მერყეობს.
"პირველ რიგში, ჩვენი კოტეჯები შაორის მიმდებარედ, წიწვოვანი ხეების შუაგულში მდებარეობს. შესაბამისად, გარემო პოტენციური დამსვენებლებისთვის ძალიან მიმზიდველია. უახლოეს მომავალში, სულ 3 კოტეჯი გვექნება, კერძოდ, ახლა 2 სტანდარტულად ფუნქციონირებს, მესამე კი დასრულების ეტაპზეა. მოკლედ, ვფართოვდებით - მესამე კოტეჯი, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის დასრულდება. ამჟამად, კოტეჯებში 20 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, გაფართოების შემდეგ კი, 7 ადამიანს დავამატებთ. გაზრდის გადაწყვეტილება მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღე. ვიზიტორები ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა - 70%, ხოლო მცირე ნაწილი - 30% უცხოელებზე მოდის", - აღნიშნავს კოტეჯების დამფუძნებელი.
ამასთან, დავით გვენცაძე მიმდინარე ტენდენციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საინტერესო სეზონს ელოდება.
"წინა წლის პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა გაზრდილია. მოგეხსენებათ, შოვის ტრაგედია, რომ იყო ბიზნესზე, უარყოფითად აისახა. ხალხი რაჭაში დასვენებისგან თავს იკავებდა. აღნიშნული პრობლემა ყველასთვის მტკივნეული გახლდათ, კერძოდ, ჩემს ირგვლივ ნებისმიერი ბიზნესი ხაზს უსვამდა, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ უარყოფითი ტენდენცია ჰქონდა. საბედნიეროდ, ახლა დადებით ნიშნულზე ვართ. დიდი იმედი მაქვს, რომ დატვირთული სეზონი გვექნება", - აცხადებს "კიდობანას" დამფუძნებელი.
ცნობისთვის, რაჭაში, სოფელ თლუღში მდებარე კოტეჯები "კიდობანა" ადგილობრივ ბაზარზე მეექვსე სეზონია ოპერირებს.