დაგროვებით საპენსიო სისტემაში დამსაქმებლებისთვის დაკისრებული, თუმცა გადაუხდელი ჯარიმების ჩამოწერა იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ინიციატივა დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს შეეხება და ჯამში 43 მილიონ ლარამდე ოდენობის გადაუხდელი ჯარიმის ამნისტიას მოიცავს. ჯარიმისგან გათავისუფლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დაგროვებით საპენსიო სისტემაში არსებულ დავალიანებასა და შესაბამის საურავებს წლის ბოლომდე დაფარავს.
ამასთან, მცირდება თავად ჯარიმის ოდენობაც. პირველი და განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 300 ლარი გახდება.
ცვლილებები ითვალისწინებს საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახურის შექმნასაც, რომლის მიზანი საკითხების სასამართლომდე განხილვა იქნება.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო შენატანების გადახდა გარკვეულ შემთხვევებში ეტაპობრივად, 18 თვემდე ვადით იქნება შესაძლებელი.