საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი იყო, გავცვალეთ მოსაზრებები არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთანაც, – ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში ბევრ ინიციატივაზე იყო საუბარი.
„ბევრი ახალი ინიციატივა გაჩნდა, რაც მახარებს და სასიამოვნოა. მიხარია, რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ. ინიციატივები იყო ძალიან ბევრ სეგმენტში – ჯანდაცვის სექტორშიც, დეველოპმენტის სექტორში, იყო ტრანსპორტის სექტორშიც, მომსახურების სფეროშიც“, – აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის პარამეტრებით, საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორისაც ლიდერია და მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც იზომება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, არის ეკონომიკური ზრდის პარამეტრი. ამით საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორისაც ლიდერია და მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს. ამიტომ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ის პარამეტრი, რომელშიც მსოფლიოში ყველა ქვეყანა იყენებს, როგორც ეკონომიკის საზომ ერთეულს“, – განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.
1tv.ge