Skillwill-ის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ძველი პროფესია და აირჩიეს ტექნოლოგიური კარიერა. რა გახდა ცვლილების მიზეზი და რა შესაძლებლობები გააჩინა ახალმა პროფესიამ? „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“ შემდეგი სტუმარი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი დიმა აგეევია.
"ცხოვრების დიდი ნაწილი თეატრში გავატარე, რომელთა განმავლობაშიც ბევრ ძალიან საინტერესო სპექტაკლში ვითამაშე და ბევრი ძალიან კარგი ადამიანიც გავიცანი. თუმცა, რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ ახალი ცხოვრებისეული გამოწვევების დროა და გადავწყვიტე შევჭიდებოდი ისეთ რამეს, რაც ჩემთვის სრულიაც უცხო იყო, რაც აღმოჩნდა პროგრამირება.
დავიწყე ბაზრის კვლევა, გავერკვიე მიმართულებებში - რა რისთვის მჭირდება, რომელი პროგრამირების ენებია მოთხოვნადი. სხვათა შორის, ძალიან მალე მივხვდი, რომ მაინტერესებდა იმიტომ, რომ თავისუფალ დროსაც ვკითხულობდი რაღაცას ამ თემაზე, ბლოგებს ვეძებდი, YouTube -ზე ვიდეოებს ვუყურებდი. სწავლის დაწყებიდან დაახლოებით 7 თვეში უკვე დავიწყე სტაჟირება აქსელერაციის პროგრამაზე კომპანია Swift-ში. ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ჩემთვის, რადგან ნებისმიერ პროფესიაში და პროგრამირებაში, ჩემი აზრით განსაკუთრებით, პრაქტიკას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. Swift-მა მომცა იმის საშუალება, რომ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე, ძალიან კარგ სპეციალისტებთან ერთად მემუშავა.
ბევრს უკვირს, სად მსახიობობა და სარ პროგრამისტობაო, მაგრამ რაღაცით მსგავსება არის, რადგან ჩემთვის ორივე რაღაც მხრივ კრეატიული სამუშაოა. ორივეში აბსოლუტურად მისაღები და საჭიროა ექსპერიმენტები.
ჩემს ყოველდღიურ მოვალეობებში შედის, როგორც ვებ საიტებზე, ასევე მობილურ აპლიკაციებზე მუშაობა. მიწევს გარკვეული ფუნქციონალის აწყობა. ყოველი დღე, შეიძლება ითქვას, რომ განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ამოცანები, როგორც სირთულით, ასევე ფუნქციონალით, ძალიან განსხვავდება.
რაც გადმოვბარგდი პროგრამირების სფეროში, დროის მხრივ ძალიან დიდი თავისუფლება მომეცა იმ მხრივ, რომ ფაქტობრივად მე თვითონ შემიძლია გავწერო ჩემი დრო, არ ვიყო დამოკიდებული სხვაზე და ვიმუშაო საიდანაც მინდა.
როგორც Swift-ში მუშაობის გამოცდილებამ, ასევე დამოუკიდებლად სწავლის გამოცდილებამ აღმომაჩენინა ის გზა თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ნულიდან აითვისოს ეს დარგი. ამის შემდეგ, ისე დაემთხვა, რომ Skillwill-მა შემომთავაზა, რომ მათ აკადემიაში წამეკითხა ლექციები სხვადასხვა მიმართულებებზე და მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი, რადგან ეს ჩემთვის ახალი, მორიგი გამოწვევა იყო.
უკვე 2 წელზე მეტია ვმუშაობ ლექტორად, რა დროშიც 200-ზე მეტ სტუდენტს გამოვატარე ეს გზა. ძალიან ვცდილობ, რომ ის ადამიანი ვიყო და ის ცოდნა მივცე მათ, რა ცოდნაც მე მჭირდებოდა იმ დროის განმავლობაში, როცა მე თვითონ ვსწავლობდი. ვფიქრობ, რომ ეს გამომივიდა - მაგ. ერთხელ ჩემმა სტუდენტმა მომწერა, დიმა დღეს პირველი ხელფასი ავიღე ჩემს ახალ დეველოპერულ სამსახურშიო და მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ ფაქტით.
ამ სფეროში მუშაობამ ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა და იდეა გამიჩინა. ცხადია ვაპირებ ჩემი საქმიანობის გაგრძელებას და ვნახოთ, იქნებ ახლო მომავალში ახალი კარებიც გაიხსნას ახალი ექსპერიმენტებისთვის,"-აცხადებს დიმა აგეევი.