„საქართველოს ფოსტი“-ს დირექტორის ლევან ჩიკვაიძის შეფასებით, საფოსტო დარგი ყოველწლიურად ვითარდება.
„ ამ პატარა ქვეყანაში 2000-მდე რეგისტრირებული საფოსტო ოპერატორია. ყოველწლიურად საფოსტო დარგის განვითარება ხდება და ნებისმიერს მეტი შემოსავალი აქვს. ეს არის წვდომა იმ პროდუქციაზე, რომელიც დღემდე არ გვქონდა. ეს არის ის სამომხმარებლო ბაზარი, რომელიც კონკრეტული ქვეყნების ინტერესის ქვეშ იყო და მხოლოდ მათი პროდუქციის შესყიდვა ხდებოდა. გაიხსნა ბაზარი, ალტერნატიული პროდუქციის შერჩევის და შესყიდვის შესაძლებლობა გაჩნდა, ამან განავითარა და გაზარდა საფოსტო ოპერატორებიც და მომხმარებელმა უპირატესობა მიიღო. რა თქმა უნდა ამაში ინტერნეტიზაციაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს, თითქმის მთელ ტერიტორიაზე ინტერნეტი ხელმისაწვდომია, ჩვენ ჩვენი საქმიანობა სრულად დიჯიტალიზირებული გვაქვს, მაღალმთიან რეგიონებშიც ელექტრონულად ხდება ჩვენგან გზავნილის ჩაბარება. ბევრ სეგმენტში წინ ვართ, თუნდაც ევროპის ცენტრალიზირებულ ქვეყნებთან მიმართებაში“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.
თუმცა, ლევან ჩიკვაიძე აქვე ამბობს, რომ საკანონმდებლო რეგულაციით იქმნებოდა პრობლემები, რის გამოც ევროკომისიისთვის მიმართვა გახდა საჭირო.
„საქართველოს ფოსტას დიდი ხნის განმავლობაში ევრო რეგულაციიდან გამომდინარე დაბრკოლება ჰქონდა, რაც იწვევდა ჩვენს მიერ შექმნილი ბიზნესების დაკარგვას. ახლა გავამზადეთ ერთობლივი მიმართვა ევროკომისიისთვის, რომ კანონში მუხლი შეიცვალოს.
დანიშნული ოპერატორი საქართველოში არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდა, რადგან მასზე მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვების კანონი, ეს ძალიან შემზღუდველია საქმიანობაში და ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. სახელმწიფო შესყიდვების კანონი არცერთ სხვა ქვეყანაში არ ეხება საფოსტო ოპერატორს. გამოდიოდა, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა ბიზნესები, რომელიც ქვეყნის გარეთ განვავითარეთ“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.