„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ (GRDC) აღმასრულებელი დირექტორის ლევან ყარალაშვილის ინფორმაციით, ტექნიკის მაღაზიებს ბოლო კვარტალში 20%-იანი კლება აქვთ.
მისი თქმით, შეცვლილია მომხმარებლის ქცევა, ისინი ნაკლებ თანხას ხარჯავენ.
„თბილისის ცენტრალში ძირითადად ტექნიკის მაღაზიებია განთავსებული. წელიწადს, რომ შევადაროთ, ამ სექტორში, ბოლო კვარტალის მიხედვით, სამწუხაროდ 20%-იანი კლება იყო. გვესმის, რომ იანვარ-თებერვალი ცუდი სეზონია, არ ვფიქრობთ, რომ მარტი კარგი პერიოდი იქნება, მაგრამ გვიანი გაზაფხული იქნება იდეალური პერიოდი, რომ შევაფასოთ, სად ვიქნებით. რყევები, იქნება ეს ლარის კურსის თუ ინვესტიციების შემცირების კუთხით, რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს.
მომხმარებლის ქცევა ოდნავ შეცვლილია, ხალხი ნაკლებ თანხას ხარჯავს, რადგან როცა გაურკვეველ გარემოში ხარ და პროტესტის ტალღა დიდია, რა თქმა უნდა უფრთხილდები პირად ფინანსებს. დარწმუნებული ვარ, ყოველი ჩვენგანი ასეა. მე ამას დავარქვი ქამრების შემოჭერის პერიოდი, რომლის გავლაც ჩვენ მოგვიწევს, რომ პირველ რიგში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, არ დავკარგოთ პოზიციები და ზრდაზე ვიყოთ ორიენტირებული. ბიუჯეტი, ზრდით მაქვს დაგეგმილი, მაგრამ თუ პანდემიის დასრულების შემდეგ ჩვენი ზრდა იყო 10-12%, დღეს ვსაუბრობთ, რომ იქნება 3-4%“,- განაცხადა ლევან ყარალაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.
შეგახსენებთ,„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია" (GRDC) 2003 წლიდან უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეა. კომპანიის ერთ-ერთი პროექტია "თბილისი ცენტრალი", რომლის ხელმძღვანელიც ლევან ყარალაშვილია.