logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია, სადაც საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით მანქანები გადის

ავტომობილების ექსპორტში ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში, საქართველოდან ექსპორტზე 2 მილიარდ დოლარამდე ღირებულების მანქანები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი, 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების მონაცემებით, ყირგიზეთია, სადაც ავტომობილების ექსპორტმა შემოსავლებში, 964 მილიონ დოლარს მიაღწია. მეორე პოზიციაზე ამ მხრივ ყაზახეთია, მესამეზე კი - აზერბაიჯანი.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საექსპორტო მაჩვენებლებში ზრდის მიუხედავად, არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართველი დილერები აღმოჩნდნენ.

კერძოდ, ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ამბობს, რომ სულ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც უცხოელ დილერებს და ამ შემთხვევაში, ყაზახ და ყირგიზ დილერებს თავად გაჰყავთ ქართული პორტებიდან ავტომობილები როგორც თავიანთ ქვეყანაში, ისე სხვა ქვეყნებში. 

„ექსპორტის კუთხით, ვერ ვიტყოდი, რომ წელს რომელიმე ახალი ქვეყანა დაგვემატა, უკრაინული ბაზარი დავკარგეთ და ძირითადი მაინც ცენტრალური აზიის ქვეყნებია, სადაც ექსპორტზე გაგვყავს ავტომობილები. თუმცა, დილერების შეფასებით, ისინი წუხან იმაზე, რომ მათ კონკურენციას უწევენ ყაზახი და ყირგიზი დილერები. ლოგისტიკურ ჯაჭვში, რასაც ავტოიმპორტი ჰქვია, ქართველი ავტოდილერები დიდწილად ამოვარდნენ“, - განმარტა ალექსი ნონიაძემ.

მისივე თქმით, კომპანიები ასე ნეგატიურად არ უყურებენ პროცესებს, ისინი იმედიანად არიან. "მაგრამ დილერებს რადგან ეს განწყობა აქვთ, საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რომ გარკვეული რისკები დავაზღვიოთ",- აღნიშნა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ნონიაძის ინფორმაციითვე, დილერების დიდი ნაწილი მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშეა, რის გამოც, ზოგიერთ მათგანს ამ ბიზნესიდან გასვლა უწევს.

გამოგვყევით